ქვეყანის ეკონომიკის განვითარების პრობლემებზე, ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ”ინტერპრესნიუსი” პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი კოვზანაძეს ესაუბრა.
- ბატონო ირაკლი, ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე მთავრობის აქტიურობა ზოგად წარმოდგენას კი იძლევა, მაგრამ ერთიანი და სრული სურათის დანახვა ჭირს. არადა, ფაქტია, რომ ეკონომიკური ვითარება მძიმდება და ასეთ ვითარებაში ადამიანებს უჩნდებათ მოთხოვნილება ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე მეტი ინფორმაცია გვქონდეს. თქვენ როგორ შეაფასებდით ქართულ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს? თქვენი გადმოსახედიდან რისი გაკეთება შეძლო ხელისუფლებამ იმისათვის, რომ ხელი შეეწყო ეკონომიკის განვითარებისთვის?
- გეთანხმებით, ჩვენმა თანამოქალაქეებმა უნდა იცოდნენ რას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და შესაბამისად მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, დღევანდელი მთავრობა არის მთავრობა, რომელსაც პრიორიტეტად აქვს დასახული არა მხოლოდ მიმდინარე, ამწუთიერი ცალკეული პრობლემების მოგვარება, არამედ მისი პროგრამა და საქმიანობა ემსახურება გრძელვადიანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მყარი ფუნდამენტის შექმნას. ანუ ხელისუფლება ორიენტირებულია არა მხოლოდ დღეს არსებული სოციალური და ეკონომიკური საკითხების, გამოწვევების, პრობლემების მოგვარებაზე, არამედ ხელისუფლების სტრატეგიაა ერთხელ და სამუდამოდ, უფრო სწორედ კი უახლოესი ათწლეულებისათვის შეიქმნას საძირკველი, ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დინამიური, სწრაფი და კონკურენტუნარიანი განვითარებისათვის, რომ ქვეყანამ იპოვოს თავისი ეკონომიკური ფუნქცია და ადგილი მსოფლიო ბაზარზე.
ხელისუფლების სტრატეგიაა ერთხელ და სამუდამოდ, უფრო სწორედ კი უახლოესი ათწლეულებისათვის შეიქმნას საძირკველი, ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დინამიური, სწრაფი და კონკურენტუნარიანი განვითარებისათვის, რომ ქვეყანამ იპოვოს თავისი ეკონომიკური ფუნქცია და ადგილი მსოფლიო ბაზარზე
ეხლა კი კონკრეტულად რას ვგულისხმობ. მთავრობის სტრატეგიის ნაწილია:
• ეკონომიკის დარგობრივი რესტრუქტურიზაცია - დღეს საქართველოს ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა ფაქტობრივად მახინჯი, ყოვლად არაკონკურენტული და უპერსპექტივოა. ჩვენი სამომხმარებლო ბაზარი თითქმის 3/4-ით დამოკიდებულია იმპორტზე, საზღვარგარეთულ საქონელზე, ამის ხარჯზე კი ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგი არის ვაჭრობა (მშპ-ს დაახლოებით 16%), არასაკმარისი ოდენობით არის წარმოდგენილი მრეწველობა (მშპ-ს დაახლოებით 17%), მომსახურების სექტორი აბსოლუტურად არადამაკმაყოფილებელია, სოფლის მეურნეობაში, სადაც დასაქმებულია ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 45%, იქმნება მშპ-ს მხოლოდ დაახლოებით 9% და ა.შ. ასე ჩვენ შორს ვერ წავალთ, უფრო მეტიც - ასე საქართველოს ეკონომიკა ვერასოდეს დაძლევს იმ ჩამორჩენას, რომელიც დღეს გვაქვს ევროპის ქვეყნებთან.
• რეგიონებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრა - რა მდგომარეობა გვაქვს ამ კუთხით? ჩვენ გვაქვს ერთი თავკომბალა თბილისი, სადაც კონცენტრირებულია მოსახლეობის დაახლოებით 45% და ბიზნეს სექტორის დაახლოებით 75%, თბილისში უმუშევრობის დონე ოფიციალური სტატისტიკის შესაბამისად არის დაახლოებით 22%, სოფლად კი - 5%, თუმცა რეალურად ვიცით, რომ რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების დონე დაბალია და სწორედ ამიტომ ყველა ცდილობს იცხოვროს და დასაქმდეს ქალაქად.
• სივრცითი მოწყობის ძალიან ამბიციური გეგმა და ინფრასტრუქტურული განვითარება - ამ სფეროს ყურადღება არ ექცეოდა მინიმუმ საქართველოს დამოუკიდებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, შესაბამისად, პრაქტიკულად არ არსებობს განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და თავისუფალი წვდობა ცალკეულ რეგიონებსა და დასახლებულ პუნქტებს შორის; განუვითარებელია კომუნალური სფერო, ელექტრო და წყალმომარაგება, ჯანდაცვაზე წვდომა, ინტერნეტი და ა.შ.
• კაპიტალის ბაზრის რეფორმა - რეფორმას ვამბობთ, თორემ ეს სფერო პრაქტიკულად ნულიდანაა ასაწყობი და ასამუშავებელი. არადა, კაპიტალის ბაზარი უნდა იქცეს კაპიტალზე წვდომის და აქტივების განთავსების ალტერნატიულ წყაროდ, საბანკო სისტემის კონკურენტად, ისევე როგორც ეს მაღალგანვითარებულ ქვეყნებშია დღეს წარმოდგენილი.
• საპენსიო რეფორმა - ძალიან აქტუალური საკითხია. საპენსიო რეფორმას ეხლავე უნდა ჩაეყაროს საფუძველი და ის უნდა გახდეს მშვიდი და ღირსეული სიბერის უზრუნველყოფის გარანტი.
• მიწის რეფორმა - უმნიშვნელოვანესი საკითხია. მიწა მაქსიმალურად უნდა გადავიდეს კერძო მესაკუთრის ხელში (ცალკეული გამონაკლისების გარდა). ფერმერული მეურნეობები კი უნდა გამსხვილდეს. დღეისათვის ფერმერების მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების საშუალო ფართობი არის 1 ჰექტარზე ნაკლები. ასე სოფლის მეურნეობა საქართველოში ვერასოდეს გახდება კონკურენტული და წარმატებული.
• კიდევ მრავალი სხვა საკითხია, მაგალითად, ურბანული განვითარება, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები, განათლების, მ.შ. ტექნიკური განათლების დონე და ა.შ.
აი, საკითხები, ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს ხელისუფლებას ,,მემკვიდრეობით“ ერგო და რომელთა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებასაც მე ვუწოდებ საქართველოს ეკონომიკის ფუნამენტის შექმნას და რომლის გარეშეც ყველა სხვა ღონისძიებები იქნება ,,კოსმეტიკური“ ხასიათის და მხოლოდ დროებითი ეფექტის მატარებელი.
ჩვენ არ გვაქვს ,,ფუფუნება,“ რომ გვერდზე გადავდოთ, სახვალიოდ გადავწიოთ მოსახლეობის დღევანდელი საჭიროებები და პრობლემები მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს ,,ფუფუნება,“ რომ გვერდზე გადავდოთ, სახვალიოდ გადავწიოთ მოსახლეობის დღევანდელი საჭიროებები და პრობლემები.
შესაბამისად, მოდით ეხლა ვნახოთ, თუ რას აკეთებს ხელისუფლება ამ მიმართულებით:
• ჯანდაცვის რეფორმა და ხელმისაწვდომობა - ამ მიმართულებით დღევანდელი ხელისუფლების მიღწევები ყველასათვის ცნობილი და თვალსაჩინოა, ხანგრძლივად არ შევჩერდები ამ საკითხზე, უბრალოდ ვიტყვი, რომ სამედიცინო მომსახურეობაზე წვდომა დღეს გაცილებით ფართოა ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. მათ აღარ უწევთ საცხოვრებელი სახლის გაყიდვა თუ დაგირავება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როგორც ეს ადრე იყო;
• მეწარმეობის და ბიზნესის მხარდაჭერა - ეს ის მიმართულებაა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აქტიურად ანვითარებს. შეგახსენებთ, მხოლოდ მიმდინარე წლის, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პირდაპირ და ირიბად დაახლოებით 1.5 მლრდ. ლარია ჩადებული ბიზნესის წამოწყების, მხარდაჭერის და სტიმულირებისათვის;
• 2016 წელს დასაქმებულთა რაოდენობამ შეადგინა 1763.3 ათასი კაცი. 2012 წელთან შედარებით გაიზარდა 39.3 ათასი კაცით, შესაბამისად უმუშევრობის დონე 2005 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდა და მან 11.8%-შეადგინა (ცნობისათვის, 2012წ. უმუშევრობის დონე 15% იყო).
- ვინაიდან, თქვენ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ხელმძღვანელობთ და ფლობთ ინფორმაციას ბიუჯეტის პარამეტრების შესრულების მიმდინარეობაზე, თქვენ როგორ შეაფასებდით 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას? გადასახადების აკრეფის თვალსაზრისით რა ტიპის პრობლემები არსებობს?
- ამ მიმართულებით კონკრეტულ ციფრებს მოგახსენებთ. 2017 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმართულებით შემდეგი მდომარეობა გვაქვს: შემოსულობების გეგმა შესულებულია 103.1 მლნ ლარის გადაჭარბებით, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულებულია 207.8 მლნ. ლარის გადაჭარბებით (105.1%), გადასახდელების (ანუ ხარჯების) გეგმა შესრულებულია - 95.1%-ით.დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება
გადასახდელების ნაწილში გარკვეული ჩამორჩენა შეიმჩნეოდა მიმდინარე წლის დასაწყისში, დღეისათვის კი შემიძლია ვთქვა, რომ მაგალითად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს კუთხით ათვისება პრაქტიკულად 100%-ია. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
- რა პასუხს გასცემდით ოპონენტების მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ბიუჯეტის შევსება თვის ბოლო დღეებში ხელოვნურად ხდება?
- შეუძლია ვინმემ ამიხსნას რას ნიშნავს - ბიუჯეტის ხელოვნური შევსება? როგორ და რა მექანიზმებით ხდება იგი? ვინმეს ახდევინებენ ზედმეტს და უკანონოდ? წინასწარი გადახდები არის?ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს პრაქტიკა ჩვენი ხელისუფლების პირობებში წარსულს ჩაბარდა. ბიუჯეტში შემოდის ფული არსებული სავადოების, გეგმის და დარიცხვის შესაბამისად და არაა საჭირო პოპულიზმი და პოლიტიკური ინსინუაციები ამ მიმართულებით, ნუ ვეცდებით ვითამაშოთ მოსახლეობის, ამომჩევლების ემოციებზე. რა ხელოვნურ შევსებაზეა საუბარი, როცა, როგორც ავღნიშნე, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით სრულდება.
- თქვენი დაკვირვებით, რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ის ცვლილებები, რომელიც სახადასახადო სისტემაში გადასახადების დეკრიმინალიზაციის და ლიბერალიზაციის მიზნით იქნა განხორციელებული?
- ეს ჩვენი ხელისუფლების და მთავრობის მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო. კერძოდ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გაუქმდა არააქციზური საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე გამოშვებაზე, შენახვაზე, რეალიზაციაზე და გადაზიდვაზე, 50 000-დან 100 000 ლარამდე გაიზარდა გადასახადის შემცირებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის დადგენილი თანხის ოდენობა, განსაკუთრებით დიდი ოდენობა 100 000 ლარიდან 150 000 ლარამდე გაიზარდა და ა.შ.ნუ ვეცდებით ვითამაშოთ მოსახლეობის, ამომჩევლების ემოციებზე. რა ხელოვნურ შევსებაზეა საუბარი, როცა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით სრულდება
მოცემული ინიციატივების ფისკალურ ეფექტზე ჯერ საუბარი ნაადრევია. მისი ეფექტი რომ ციფრებში და სტატისტიკაში გამოჩნდეს, დროა საჭირო. თუმცა, ფისკალურ ეფექტზე უფრო მნიშვნელოვანი, ჩემის აზრით, აქ ბიზნესის მხარდაჭერა, მიმზიდველი, მშვიდი და თავისუფალი სამეწარმეო გარემოს ფორმირებაა.
- თუ ისევ ეკონომიკის განვითარების პრობლემებს დავუბრუნდებით, ეკონომიკის ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილი თქვენი ხელისუფლების მისამართით ხშირად გამოთქვამს კრიტიკას იმაზე, რომ მთავრობა არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ადგილობრივი, მათ შორის სამთო მრეწველობის განვითარებისთვის. თქვენი აზრით, რატომ ვერ ხერხდება ადგილობრივი, მათ შორის სამთო მრეწველობის დარგების განვითარება? ამ სფეროებში ხომ ერთი მხრივ საკმაოდ ბევრი ადამიანი დასაქმდებოდა, ხოლო მეორე მხრივ ქართულ ბაზარზე უცხოურ პროდუქციას კონკურენტი გაუჩნდებოდა...
- ისევ და ისევ რას ნიშნავს ,,არ დგამს ნაბიჯებს სამთო მომპოვებელი მრეწველობის განვითარებისათვის?“ რა ნაბიჯები უნდა გადაედგა და არ გადადგა? ან რა გააკეთა ისეთი რომ ხელი შეუშალა ამ დარგის განვითარებას? ისევ პოპულისტურ და ხელაღებით გაკეთებულ განცხადებებთან მივდივართ.სამთო-მომპოვებელი მრეწველობის წვლილი მთლიან მშპ-ში 2015 წელს 300 მლნ ლარი იყო, 2016 წელს 335 მლნ. ლარი (მიმდინარე ფასებში), რეალურმა ზრდამ 7.6% შეადგინა. სამთო მრეწველობის განვითარება ძალიან კარგი, მაგრამ ძალიან სპეციფიკური დარგია. მათ შორის, მოითხოვს დიდ და გრძელვადიან ინვესტიციებს და თან მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საერთაშორისო ბაზარზე ამ ნედლეულის ფასებზე, რომელიც, სხვათა შორის, უკანასკნელი წლებია პერმანენტულად მცირდებოდა.
მოდით, უფრო ფუნდამენტურად და კომპლექსურად შევხედოთ საკითხს და არა ფრაგმენტულად: რატომ სამთო-მომპოვებელი მრეწველობა და არა გადამამუშავებელი მრეწველობა? რატომ არა სოფლის მეურნეობა? რატომ არა მომსახურების სექტორის დარგები? რატომ არა მსუბუქი მრეწველობა?
ჩვენი ხელისუფლების და ზოგადად ნებისმიერი მთავრობის ფუნქციაა შექმნას მიმზიდველი ეკონომიკური გარემო, ხელსაყრელი და უსაფრთხო პირობები ბიზნესისათვის და კერძო ბიზნესმა გადაწყვიტოს, სად და რა არის მისთვის მომგებიანი, რენტაბელური, პერსპექტიული და სიცოცხლისუნარიანი.
სხვა შემთხვევაში, პირდაპირი ჩარევებით და კერძო სექტორის ფუნქციების სახელმწიფოს ხელში კონცენტრირებით ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით გეგმურ ეკონომიკას, რაც არაფერ კარგს არ მოგვიტანს.
თუმცა ვიტყვი, ხელისუფლებას აქაც გააჩნია ძალიან საინტერესო და თან კომპლექსური გეგმა. კერძოდ, გათვალისწინებულია თბოელექტროსადგურის აშენება, რომელიც იმუშავებს ქართულ ქვანახშირზე და შესაბამისად, ეს იქნება, ერთის მხრივ, ამ დარგის რეალური და ქმედითი დახმარება, მეორეს მხრივ კი ენერგეტიკის სფეროში წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პირდაპირ და ირიბად დაახლოებით 1.5 მლრდ ლარია ჩადებული ადგილობრივი წარმოების განვითარების და მხარდაჭერისათვის. ეს რეალური ფული და რეალური დახმარებაა ამ მიმართულებით
რაც შეეხება ადგილობრივ წარმოების განვითარებას, იმპორტის ჩანაცვლებას და ექსპორტის წახალისებას - ამ მიმართულებით არსებობს სახელმწიფო პროგრამები ეკონომიკის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხაზით, ისინი წარმატებით მუშაობს. რამდენიმე ასეული საწარმო ფუნქციონირებს აღნიშნული პროგრამების ფარგლებში და რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდა მოცემული სახელმწიფო პროგრამების დახმარებით.
როგორც აღვნიშნე, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პირდაპირ და ირიბად დაახლოებით 1.5 მლრდ ლარია ჩადებული ადგილობრივი წარმოების განვითარების და მხარდაჭერისათვის. ეს რეალური ფული და რეალური დახმარებაა ამ მიმართულებით.
- წინა მოწვევის პარლამენტში დიდი დისკუსია იყო საბანკო ზედამხედველობის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. მეტიც, კანონში ცვლილებაც იქნა მიღებული, რომლის თანახმადაც საბანკო ზედამხედველობა ეროვნული ბანკიდან იქნა გამოყვანილი. ახლა საბანკო ზედამხედველობა ისევ ეროვნული ბანკშია. თქვენ როგორ შეაფასებდით ეროვნულ ბანკში დაბრუნებული საბანკო ზედამხედველობის საქმიანობას?
- მე საფინანსო-საბანკო სფეროში, მათ შორის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, როგორც კერძო სტრუქტურებში, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. შიგნიდან კარგად ვიცნობ ამ სექტორს. შესაბამისად, ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ საბანკო ზედამხედველობა დარჩენილიყო ეროვნული ბანკში.2017 წლის პირველ კვარტალში უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 403.3 მლნ. აშშ. დოლარი, რაც გასულ წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 4%-ით მეტია
დღეს მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის და საქართველოს ეროვნული ბანკის მჭიდრო და სინქრონულმა თანამშრომლობამ შედეგი გამოიღო, გადალახული იქნა საკანონმდებლო კოლიზია და საფინანსო ზედამხედველობის სამსახური დაბრუნდა სებ-ში.
დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ინსტიტუციონალური მოწყობა იქნება უფრო ოპერატიული, ქმედითი და ეფექტიანი. თუმცა, უნდა ვიყოთ სამართლიანი და ისიც აღვნიშნოთ, რომ მსოფლიოში მრავალი ქვეყანაა, სადაც ფინანსური სექტორის ზედამხედველობა წარმოდგენილია განსხვავებული ფორმით, მათ შორის მთავრობის დაქვემდებარებაში, ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში ან აბსოლუტურად დამოუკიდებელი მეგარეგულატორის სახით. ეს, როგორც წესი, პოლიტიკური ელიტის გემოვნების საკითხია.
- ექსპერტთა ნაწილი, იმ შემთხვევაში თუ ინვესტიციებმა არ მოიმატა, ლარის კურსის ვარდნას წინასწარმეტყველებს. თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ თუ ინვესტიციები არ გაიზარდა, ლარის კურსის ვარდნა გარდაუვალი იქნება?
- მაპატიეთ მაგრამ ისევ ფრაგმენტული განცხადებაა. საზოგადოებამ იცის, რომ საქართველოში მოქმედებს თავისუფალი, მცურავი კურსის რეჟიმი. ამასთანავე ლარის კურსი, ისევე როგორც ნებისმიერი ვალუტის კურსი, დამოკიდებულია მთელ რიგ ეგზოგენურ და ენდოგენურ ფაქტორებზე.ეკონომისტის ენაზე რომ ვთქვათ, ლარის კურსი დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის წონასწორობაზე, საგადამხდელო ბალანსი კი მოიცავს როგორც სავაჭრო ბალანსს, ასევე ინვესტიციებს, ფულად გზავნილებს და ა.შ.
ჩვენი სავაჭრო ბალანსი უმჯობესდება, ექსპორტი იმპორტთან შედარებით წინმსწრებად იზრდება. ბოლო მონაცემებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტი გაიზარდა 30%-ით, იმპორტი - 8.8%-ით. ზრდა გვაქვს ფულადი გზავნილების შემოდინებაში, ზრდა გვაქვს ტურიზმის სფეროდან მიღებულ შემოსავლებში, ასე რომ მარტო უცხოურ ინვესტიციებზე არ ,,ჰკიდია“ ლარის კურსი.
თუმცა, უცხოურ ინვესტიციებშიც დამაიმედებლად გვაქვს საქმე. 2017 წლის პირველ კვარტალში, - ჯერ მხოლოდ ეს მონაცემები გვაქვს, უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 403.3 მლნ აშშ. დოლარი, რაც გასულ წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 4%-ით მეტია.
წლის ბოლომდე ვვარაუდობთ, რომ უცხოური ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება. გარდა ამისა, თუ შევხედავთ დავინახავთ, რომ მიმდინარე წლის განვლილი პერიოდის განმავლობაში ლარი დაახლოებით 9%-ით გამყარდა, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 5% არის გამყარებული.
- მაშინ, როცა ლარის კურსის ვარდნის თემა აქტუალური იყო, ექსპერტთა ნაწილი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ ეს პროცესი გარკვეულწილად იმასთან იყო დაკავშირებული, რომ არასაბანკო ზედამხედველობა არ აწარმოებდა მკაცრ და ეფექტურ მონიტორინგს იმ ორგანიზაციებზე, რომელზეც კონტროლი არასაბანკო ზედამხედველობის პასუხისმგებლობა იყო. ამ თვალსაზრისით ახლა რა მდგომარეობაა?
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ეს არის ახალი ინსტიტუცია საქართველოს სინამდვილეში. ეს სისტემა მოქმედებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში ერთადერთი გამონაკლისი ამ მიმართულებით საქართველო იყო- მოდით, ნუ დავაბრალებთ გასული წლების განმავლობაში ლარის კურსის დევალვაციას რომელიმე ერთ ინსტიტუტს ან სფეროს. ნუ ვეძებთ ,,მტრის ხატს“ თუ ,,განტევების ვაცს“.
პროფესიონალურად შევხედოთ საკითხებს. ლარის კურსის დევალვაცია განპირობებული იყო მაკროეკონომიკური და ეგზოგენური ფაქტორებით. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება ე.წ. არასაბანკო ზედამხედველობას, ან არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების რეგულირება-ზედამხედველობას, ეს ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხია როგორც საფინანსო სექტორის სტაბილური და მდგრადი განვითარების კუთხით, ასევე სოციალური თვალსაზრისითაც.
საქართველოს პარლამენტში შემოსულია კანონპროექტთა პაკეტი ამ მიმართულებით ეროვნული ბანკისათვის დამატებითი პასუხისმგებლობების, შესაბამისად კი დამატებითი უფლებამოსილებების და ბერკეტების მიცემის თაობაზე.
ცვლილებები იქნება როგორც ე.წ. საბანკო ჰოლდინგების, ასევე უშუალოდ კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სხვა არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობა-რეგულირების და მათი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. ამ მიმართულებითაც ჩვენ მნიშვნელოვნად მივუახლოვდებით ევროპული და სხვა მაღალგანვითარებული ქვეყნების პრაქტიკას და გამოცდილებას.
- ვიცით, რომ სიახლეებია დეპოზიტების დაზღვების სფეროშიც. ამ სფეროში ახალი რეგულაციები ვისზეა გათვლილი?
- დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ეს არის ახალი ინსტიტუცია საქართველოს სინამდვილეში. ეს სისტემა მოქმედებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში ერთადერთი გამონაკლისი ამ მიმართულებით საქართველო იყო.მინდა ავღნიშნო და პირდაპირ დავაფიქსირო ჩემი პროფესიული პოზიცია, ჩვენ სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო დავიგვიანეთ დაახლოებით 10 წელი, ჩამოვრჩით მოვლენებს და განვითარებას.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მოდელი, რომელიც ცოტა ხნის წინ პარლამენტმა მიიღო, ეყრდნობა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების ათწლეულების პრაქტიკას, ამასთანავე ითვალისწინებს საქართველოს სინამდვილეს, საქართველოს საბანკო სისტემის დღეს არსებულ რეალობას, დეპოზიტორების სტრუქტურას როგორც რაოდენობრივ ასევე თანხობრივ ჭრილში, მოსახლეობის შემოსავლების საშუალო დონეს და ა.შ.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მოდელი, რომელიც ცოტა ხნის წინ პარლამენტმა მიიღო, ეყრდნობა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების ათწლეულების პრაქტიკას, ამასთანავე ითვალისწინებს საქართველოს სინამდვილეს
მნიშვნელოვანია, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემას შევხედოთ ორი სხვადასხვა პრიზმით. ერთი, როგორც სოციალური აქტი და მეორე, როგორც ეკონომიკური აქტი. როგორც სოციალური აქტი, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა უზრუნველყოფს დეპოზიტორის, მეანაბრის დაცულობას შესაძლო დანაკარგებისაგან და თვისობრივად ზრდის მათი დანაზოგების უსაფრთხოებას.
როგორც ეკონომიკური აქტი, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა უზრუნველყოფს ნდობის ამაღლებას ბანკების მიმართ, იცავს მას პერტურბაციებისა და რყევებისაგან, ზრდის საბანკო სექტორის და შესაბამისად, მთლიანად საფინანსო სისტემის მდგრადობას, საიმედოობას და სტაბილურობას, აქედან გამომდინარე ეკონომიკური ეფექტებით.
თუმცა დეპოზიტების დაზღვევის სისტემა არის საბანკო სისტემის სტაბილურობის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი მდგენელი. სტაბილური და მდგრადი საბანკო სისტემის უზრუნველსაყოფად ერთდროულად უნდა მუშაობდეს სამი კომპონენტი: ადეკვატური ფულად-საკრედიტო, მონეტარული პოლიტიკა, მკაცრი საბანკო ზედამხედველობა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა.
კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”