,,ინტერტრანსი" რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს თანამშრომლობას სთავაზობს

”ინტერტრანსის" დირექტორი, ზაზა ლომიძე რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზებზე დასაქმებულ მძღოლებს კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ორშაბათიდან მძღოლებს გაეგზავნებათ ოფიციალური წერილები, რის შემდეგაც, მათ "ინტერტრანსში" მისვლა და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება შეეძლებათ.

,,ჩვენ მძღოლებს, რომლებიც მუშაობენ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე, ვთავაზობთ, რომ დარჩნენ თავიანთ სამუშაო ადგილებზე. იმ მძღოლებს კი, რომელთაც ძვირადღირებული მიკროავტობუსები ჰყავთ, გლდანის ავტოსადგურიდან საქალაქთაშორისო მარშრუტებზე დასაქმებას ვპირდებით,” - განაცხადა ლომიძემ.

მისი თქმით, თუ მძღოლები უარს იტყვიან "ინტერტრანსთან" ხელშეკრულების გაფორმებაზე, მაშინ კომპანია იძულებული გახდება, რუსთავი-თბილისის ხაზები სხვა მძღოლებით დააკომპლექტოს.

ზაზა ლომიძის თქმით, ის რამდენიმე დღის წინ მძღოლების 90%-ს შეხვდა და ისინი ”ინტერტრანსის" მიერ შეთავაზებული პირობებით კმაყოფილები დარჩნენ.

თუცა, ამ დროისთვის "ქართული ოცნების" ოფისთან მძღოლების აქცია კვლავ გრძელდება. როგორც მძღოლების ადვოკატი რევაზ რიჟამაძე აცხადებს, მათი მთავარი მოთხოვნაა, მგზავრების გადაყვანის ყველა კომპანიას 2 წლის ვადით გაუგრძელდეს სანებართვო საქმიანობა.