ქონების წართმევის მიუხედავად, ”კოპალა” ვარდის ზეთის წარმოებას მაინც იწყებს

კომპანია ”კოპალა”, რომელიც საქართველოში ერთადერთი ვარდის ზეთის მწარმოებელი იყო, სამწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ წარმოებას იწყებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ვაჟა ლეშკაშელმა bpn.ge -ს განუცხადა, მისი კომპანია ლოპოტას ტბასთან სიახლოვის გამო ძველი ხელისუფლების ინტერესის არეალში მოხვდა. შესაბამისად, 2011 წელს მას თავისუფლების აღკვეთის მუქარით არასასოფლო-სამეურნეო მიწა თავის ქარხანასთან ერთად მიზერულ თანხად დაათმობინეს.

”37 დღის განმავლობაში ციხეში ვიჯექი, ბოლოს მეუღლეზე მინდობილობა გავაფორმე და ქონება დავთმე. არადა, სრულიად ახალი ქარხანა იყო, თურქეთიდან ჩამოვიტანე და აქ ავაწყე”, - განაცხადა ვაჟა ლეშკაშელმა.

მეწარმის თქმით, მან ხელახლა წამოიწყო ვარდების პლანტაციის გაშენება, პირველ მოსავალს კი წელს, მაისში მიიღებს.

”ისევ კუსტარულად მომიწევს ვარდის ზეთის გამოხდა, როგორც წლების წინ, როცა ბიზნესი დავიწყე”, - აღნიშნა ვაჟა ლეშკაშელმა.

თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში ვარდის ზეთის მწარმოებელი ქარხანა 2010 წელს ”ათასწლეულის ფონდის” აგრობიზნესის პროექტის ფარგლებში 150 ათას დოლარით დაფინანსდა. შემდეგ კომპანიამ სახელმწიფოდან ”იაფი სესხიც” მიიღო.

ვარდის ზეთი ექსპორტზე გერმანიაში იგზავნებოდა. პროდუქცია ეთერზეთების ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი სახეობაა, რომელიც პარფიუმერიაში გამოიყენება, მისი ფასი კი უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ მაღალია.