აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ აჭარის ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრებთან და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტში , სოფელ ვაშლოვანში ახალაშენებულ სოციალურ სახლებში ბინები სტიქიის შედეგად დაზარალებულ 58 ოჯახს გადასცა.
როგორც აჭარის ა/რ მთავრობის პრესსამსახურიდან იუწყებიან, საცხოვრებელი ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის პროცედურების დაწყებისთანავე, ბინები კენჭისყრის წესით განაწილდა. 89 განაცხადიდან 58 ოჯახი დაკმაყოფილდა. ამ ეტაპზე 13 ბინაა დარჩენილი, რომლისთვისაც განცხადებების მიღების ბოლო ვადა 17 ივლისს იყო.
უახლოეს დღეებში შესაბამისი ბრძანების პროექტი მომზადდება და კომისიის მიერ შერჩეულ ოჯახებთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე საკუთრების ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაფორმდება.
ბენეფიციართა განცხადებები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არსებულმა შერეულმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა. სწორედ აღნიშნულმა კომისიამ გასცა 58 ოჯახზე ბინების გაცემის რეკომენდაცია. მათთვის ვაშლოვანში 6 მრავალბინიანი კორპუსი აშენდა.
”2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართები ბათუმის, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოციალურ სახლებში სულ 338 ოჯახს გადაეცა” , - ნათქვამია ინფორმაციაში.