დოლარის ინდექსი, რომელიც ამერიკული ვალუტის ექვს მთავარ ვალუტასთან ჯამურ კურსს გამოხატავს, კვლავაც 13-თვიანი მინიმუმის სიახლოვეს რჩება.
ამის მიზეზი ისაა, რომ შეერთებულ შტატებში პოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე, მცირდება იმის იმედი, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ვერ შეასრულებს საგადასახადო რეფორმის სრულად გატარებას. იმავდროულად, ევრო ზრდას აგრძელებს.
გარდა ამისა, დოლარზე უარყოფითად იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა დატოვა. ეს გარემოება, საპრეზიდენტო არჩევნებზე, ტრამპის ბანაკის „რუსულ კვალთან“ დაკავშირებულ გამოძიებასთან ერთად, პრეზიდნტის გარემოცვაში არასტაბილურობაზეც მიანიშნებს, რაც ასევე უარყოფითად ზემოქმედებს დოლარზე.
დოლარის ინდექსი დილით თითქმის უცვლელად იყო და 93.902-ს სიახლოვეს იმყოფებოდა. ცოტა ხნით ადრე, მაჩვენებელი 93.823-მდე დაეშვა, რაც შარშანდელი ივნისის შემდეგ უდაბლესი დონეა. იმავდროულად, დოლართან მიმართებაში ევროს კურსი 1.1671-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 23 თვის მაქსიმალური მაჩვენებელია.
ევრო იმის მიუხედავად იზრდება, რაც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) მასზე საპროცენტო განაკვეთი და ეკონომიკის სტიმულირების პოლიტიკა უცვლელად დატოვა. უფრო მეტიც, ბანკის პრეზიდენტ მარიო დრაგის, არც რაოდენობრივი შემსუბუქების (QE) შემცირების პროგრამაზე დაუძრავს სიტყვა, რასაც ბევრი ელოდა. ამის მიუხედავად, ბაზარზე დარჩა იმის მოლოდინი, რომ ECB მალე დაიწყებს ეკონომიკის სტიმულირების მოცულობის შეკვეცას. ეს კი ევროს გამყარებისკენ უბიძგებს.
დოლარი იენთან მიმართებაშიც კლებულობს. ამ წყვილის ფასმა 111.09 იენს მიაღწია (1 დოლარში), რაც იანვრის შემდეგ უდაბლესი მაჩვენებელია. არადა, იაპონიის ბანკი ჯერჯერობით არ აპირებს სტიმულირების პროგრამის შემცირებას, რაც იენის კურსის კლების წინაპირობა უნდა იყოს. თუმცა ამგვარი პოლიტიკის გაგრძელება, ეგრეთ წოდებული „ქერი ტრეიდერების“ ინტერესებს შეესაბამება, რომელთა სპეკულაციები, სწორედ იენის გამყარებას უწყობს ხელს.