შიდსი - უკურნებელი ვირუსული დაავადება, რომლითაც მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული.
ჰოპკინსის უნივერსიტეტში მეცნიერთა ჯგუფი შიდსის მკურნალობის უახლეს მეთოდზე მუშაობს. მათ შორის ერთ-ერთია ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ესაძე.
ალექსანდრეს სამედიცინო-სამეცნიერო საქმიანობა წლების წინ ტეხასის უნივერსიტეტში დაიწყო, სადაც სტუდენტობის ერთი წელი გაატარა და მიხვდა, რომ ბიოფიზიკა მისი საქმეა. მას შემდეგ ესაძემ სწავლა და საქმიანობა აშშ-ის პრესტიჟულ უნივერსტეტებში გააგრძელა.
ამჟამინდელი საქმიანობის, მიღწევების და გეგმების შესახებ ქართველი მეცნიერი AMBEBI.GE-ს ესაუბრა.
- როგორ მოხდა თქვენი მეცნიერებასთან დაკავშირება და მეცნიერების პარალელურად, რით ხართ დაკავებული?
- ტექნიკური საგნები მოზარდობიდანვე მომწონდა. ფიზიკის, ქიმიის და ეკოლოგიის ოლიმპიადებში ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა. ვფიქრობ, ჩემში მეცნიერებისადმი მიდრეკილება მამაჩემის - გიორგი ესაძისა და ბაბუაჩემის ოლეგ პაროშინის მაგალითით იყო შთაგონებული. ფიზიკასთან დაკავშირება კი 2004 წელს მოხდა, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე. სწავლის პარალელურად, ვსაქმიანობდი კიდეც, თუმცა ის დღევანდელ საქმიანობასთან კავშირში არაა.2008 წელს აკადემიური წელი მქონდა, რომელიც ტეხასის სამედიცინო უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამაზე გავატარე. ჩემი იქ მოხვედრა ძალიან უცნაურად მოხდა. ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორს ალექსეი გრიბენკის სჭირდებოდა დამხმარე კადრი. ამის შესახებ ქართველ კოლეგას და მეგობარს უთხრა და ჰკითხა, თსუ-ში თუ იყვნენ კარგი სტუდენტები, ვისაც აშშ-ში პრაქტიკის მიღება უნდოდა. მისი რეკომენდაციით, ეს ინფორმაცია 20-მდე სტუდენტმა მივიღეთ. CV გავგზავნეთ და რამდენიმე კვირის შემდეგ მოწვევა მე მომივიდა. ასე მოვხვდი ტეხასის უნივერსიტეტში. სწორედ იქ გადავწყვიტე, რომ ბიოფიზიკა არის ჩემი ფავორიტი და ამ მიმართულებით საქმიანობას დღემდე ვაგრძელებ.
ბოლო 10 წლის განმავლობაში თითქმის მთელ დროს აკადემიურ კარიერას ვუთმობ, თუმცა რამდენიმე ჰობი მაქვს. მათ შორის სპორტული სროლა, ყვინთვა და გემების მოდელების აწყობა. ბოლო დროს განსაკუთრებით დავინტერესდი იაპონური საბრძოლო ხელოვნებით და მისი ისტორიით.
ჩემი ცხოვრების სტილს მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანს ვუწოდებდი, რადგან ახლა ვიმყოფები კარიერის იმ სტადიაში, როცა პროექტების ჩამოყალიბების და განვითარების უნარი უნდა გამოვიჩინო. ამ რეჟიმში ორიოდე დღეს თუ ვპოულობ ხოლმე, რომ მეგობრებთან ერთად ბუნებაში გავიდე და დავისვენო.
- როგორ მოხვდით ჰოპკინსის უნივერსიტეტში და რამდენად რთული იყო თავის დამკვიდრება?
- ტეხასის უნივერსიტეტში 1 წლის გატარების შემდეგ სამშობლოში დავბრუნდი. 2009 წელს, თსუ-ს დამთავრების შემდეგ, უკვე პირადი მოწვევა მომივიდა, რომ ტეხასის სამედიცინო უნივერსიტეტში დოქტორანტურაში გამეგრძელებინა სწავლა. იქ 2010-2014 წლები გავატარე, როგორც სტუდენტმა, 2015 წელი კი - როგორც პოსტდოკმა.ამის შემდეგ უკვე ჩემი საქმიანობა ჰოპკინსის უნივერსიტეტში გაგრძელდა. ფაქტობრივად, ტეხასის უნივერსიტეტში მოხვედრის ისტორია გამეორდა. ჩემს ახლანდელ ხელმძღვანელს სჭირდებოდა პოსტდოკი და მისი არჩევანი ჩემზე შეჩერდა. 2015 წელს მე უკვე მქონდა 10-მდე სტატია პირველი თანაავტორობით. ეს კი ნიშნავს, რომ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ათეულში გზა ხსნილი მქონდა. არჩევანი მეც ჰოპკინსის პროექტზე შევაჩერე. ის უფრო მიმზიდველი იყო, რადგან წარმოადგენდა ჩემი ბიოფიზიკის პროექტების გაგრძელებას უჯრედული ბიოლოგიის კუთხით.
ეს ყველაფერი მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ მეცნიერებაში წარმატების მისაღწევად კარგი რეპუტაცია და პირადი კონტაქტები ყველაზე მნიშვნელოვანია.
- კონკრეტულად რა პროექტზე მუშაობთ, როგორია მისი დეტალები და მიზნები?
- ამ მომენტისთვის 5 პროექტზე ვმუშაობ. ნაწილის უშუალო ინიციატორი და ხელმძღვანელი მე ვარ, ნაწილი კი ჩემი ხელმძღვანელის მიერ არის ინიცირებული.მალე ვამთავრებთ პროექტს, რომელიც დნმ-ის შეკეთებაზე უკანასკნელი 20 წლის ბიოფიზიკის კვლევებს უშუალოდ უჯრედშიდა პროცესებთან აკავშირებს. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ დნმ-ინტეგრირებული შიდსის ვირუსის დაქვეითება ურაცილის შეკეთების მექანიზმის გააქტიურებითაა შესაძლებელი. ზოგადად, შიდსის განკურნება შეუძლებელია, ვინაიდან ვირუსი გამოიმუშავებს ინტეგრირებულ ფარულ რეზერვუარებს მაკროფაგებში - იმუნურ უჯრედებში, რომლებიც "მოსვენებულ" მდგომარეობაში ათობით წლის განმავლობაში ცხოვრობენ და მთელი ამ დროის განმავლობაში წარმოადგენენ ვირუსის ფონურ წყაროს. არსებული რეტროვირუსული თერაპია მხოლოდ ახშობს ვირუსის წარმოშობას, მაგრამ ვერ სპობს მის უშუალო წყაროს.