შრომის ინსპექცია დიდ დიღომში მშენებლობიდან ახალგაზრდა მამაკაცის გადმოვარდის ფაქტზე მოკვლევას აწარმოებს.
როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ განაცხადა, მოკვლევის შედეგად პირველადი ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
„ჩვენი ჯგუფი გასულია შემთხვევის ადგილზე. შეისწავლიან, რა იყო შემთხვევის მიზეზი და შესაბამისად, გვექნება დასკვნა. დღის განმავლობაში გვეცოდინება პირველადი მოკვლევის შედეგები, თუმცა ცხადია, ასეთ შემთხვევაში პარალელურად ჩართულები არიან საგამოძიებო ორგანოები და მათთან ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა ჯგერენაიამ.
დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.