სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას ნინო ლომჯარია შეასრულებს. როგორც აუდიტის სამსახურში განაცხადეს, ლომჯარია მოქმედი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას პირველი მოადგილეა, შესაბამისად მოვალეობას ის შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება. ამ დრომდე უცნობია, ვინ დაიკავებს მის პოსტს, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავარი აუდიტორის თანამდებობაზე თბილისის მოქმედი მერის, დავით ნარმანიას და უმრავლესობის დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის კანდიდატურები განიხილება.
არსებული რეგლამენტის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, კანდიდატურის წარდგენის უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. წარდგენილ კანდიდატს კი, პარლამენტის სიითი უმრავლესობა 5 წლის ვადით ირჩევს.
ლაშა თორდიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2012 წლის 25 ივლისს ჩაიბარა. მანამდე უწყებას ლევან ბეჟაშვილი ხელმძღვანელობდა.