"მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოებისთვის რეგულაციები გასამკაცრებელია, ხშირად კომპანიები დაუდევრად იქცევიან"

მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოებისთვის რეგულაციები აუცილებლად გასამკაცრებელია , - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა დღეს დიდ დიღომში, მშენებარე კორპუსიდან მუშის გადმოვარდნის ფაქტზე.

დავით ნარმანიას თქმით, ახალი რეგულაციები გათვალისწინებული იქნება ახალი კანონმდებლობით, რომლის განხილვა მიმდინარეობს.

”რეგულაციები აუცილებლად გასამკაცრებელია და ეს გათვალისწინებული იქნება მშენებლობის ახალი კანონმდებლობით, რომლის განხილვა მიმდინარეობს. მანამდე არსებული რეგულაციების პირობებში ქალაქის ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს იმას, რომ მშენებლობის ობიექტზე მინიმალურად იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები, ობიექტს ჰქონდეს უსაფრთხოების ბადეები, იყოს შესაბამისად აწყობილი ხარაჩოები და ა.შ. სამწუხაროა ის, რომ კომპანიები ხშირ შემთხვევაში დაუდევრად იქცევიან. არ არის შესაბამისი საკითხები დარეგულირებული და მოწესრიგებული, ასე რომ, მნიშვნელოვანია გაუფრთხილდნენ თავიანთ დასაქმებულ ადამიანებს”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტს თვითმხილველებმა განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.