მერია აგრძელებს ჩვენი მოქალაქეების ფულის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის, - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
როგორც ”ევროპული საქართველო” იუწყება, წინასაარჩევნოდ აყვანილი ადამიანების ხელფასი ქალაქს 450 780 ლარი უჯდება.
პარტია შესაბამის ინფორმაციასაც აქვეყნებს: იაგო კაჭკაჭიშვილი - 4 800 ლარი, ტატიანა დათუკაშვილი - 4 350 ლარი, მამუკა კავთელიშვილი - 4 350 ლარი, ნიკოლოზ ბერიაშვილი - 4 350 ლარი, ნიკოლოზ ესებუა - 3 240 ლარი, ვახტანგ მჭედლიშვილი - 5 800 ლარი, თამარ ბოდოკია - 5 425 ლარი, ნონა ყანდიაშვილი - 5 250 ლარი
„მერია აგრძელებს ჩვენი მოქალაქეების ფულის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის და ფულის ფლანგვას. ჩვენ გავიგეთ, რომ ივნისიდან მერიამ დაიწყო მასიურად საარჩევნო სპეციალისტების და ”პიარშიკების” აყვანა ძალიან მაღალი ანაზღაურებით. ეს არის ბევრად მეტი, ვიდრე საშუალოდ მერიის თანამშრომლის ხელფასი, რომელიც საშუალოდ 1300 ლარს იღებს. ცხადია, რომ ეს ადამიანები აჰყავთ საარჩევნოდ. დღეს იწყება ბიუჯეტის ცვლილებების განხილვა. როდესაც ამ ადამიანების ხელფასი ქალაქს დაუჯდება დაახლოებით ნახევარი მილიონი, პარალელურად ამცირებენ 13 ივნისს დაზარალებული ადამიანების კომპენსაციას მილიონი ლარით და ამცირებენ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც ეს არის სასიცოცხლო ხარჯი. ძალიან კარგად ჩანს მერიის დამოკიდებულება, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, ფლანგავს ფულს თავისი კეთილდღეობისთვის და აკლებს უპირველეს საჭიროებას. როდესაც მერი გავხდები, ზუსტად ამას შევცვლით ფუნდამენტურად, შემცირდება ეს უსამართლო, პოლიტიკური და კორუფციული ხარჯები, ადამიანებს გაეზრდებათ პენსია 50 ლარით და ასევე, სოციალური დახმარება 70 ლარით“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.