კურორტ ბახმაროში პირველი არტ-კაფე გაიხსნა. არტ კაფე ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს. პირველი არტ-კაფე ბახმაროს ძველ უბანში, ე. წ “დავითიანზე“ მოეწყო.
არტ-კაფე 17 წლის მოზარდის მარიამ ეჯიბიას მონდომებით გაკეთდა, რომელმაც კაფის ფასადი თავად მოხატა და კაფის დიზაინზეც იზრუნა.
ადგილობრივი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით დამზადებული კერძების გარდა, დამსვენებლებს და ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ ახალგაზრდა მხატვრის თათია კობრეშვილისა და ფოტოხელოვან გიორგი ისაკაძის ნამუშვრები დაათვალიერონ. არტ-კაფეში გამოფენილია ბახმაროს ისტორიის ამსახველი დოკუმენტური მასალაც.
”ბახმარო უნიკალური კურორტია, საოცარი სამკურნალო თვისებებით. აქ მამა-პაპის დანატოვარი სახლი ჰქონდა დედაჩემს და ხშირად ვისვენებდით, თუმცა არსად იყო ადგილი, სადაც დროის საინტერესოდ გატარება შეიძლებოდა. ამიტომ გადავწყვიტე სხვას აღარ დავლოდებოდი და თავად გამეკეთებინა რაღაც ახალი. არტ-კაფეში გამოფენილია ბახმაროს ისტორიის ამსახველი ფოტომასალა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. რამდენიმე ადამიანმა უკვე აღმოაჩინა საკუთარი წინაპარი ამ ფოტოებში, ბევრი ოჯახური არქივიდან დოკუმენტური ფოტომასალის მოწოდებას დაგვპირდა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩვენ ყველამ ერთად შევქმნათ ბახმაროს ისტორია. ასე რომ, ველი საინტერესო ფოტომასალას, რომელიც ძირითადად ოჯახებში უნდა იყოს მიმოფანტული. აქ ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთე, ფასადიც თავად მოვხატე, ინვენტარით კომპანია “ზედაზენი“ და “ნაბეღლავი” დამეხმარა, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. სამომავლოდ ვფიქრობ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სერვისი შევთავაზო დამსვენებლებს, რომელიც ტრადიციული იყო ბახმაროსთვის და დაუმსახურებლად მიეცა დავიწყებას“, - აცხადებს მარიამ ეჯიბია.