აუდიტის სამსახურში ერთ-ერთ ძირითად მიღწევად დამოუკიდებლობა მიმაჩნია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ განუცხადა.
მთავარი აუდიტორის შეფასებით, მიუხედავად გამოწვევებისა, აუდიტის დასკვნები იყო ობიექტური, სამართლიანი და დამოუკიდებელი. მისივე განცხადებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც მან რომელიმე აუდიტს გარკვეული მითითება მისცა.
რაც შეეხება შეცდომებს, თორდია აღნიშნავს, რომ აუდიტის სამსახურს სამუშაო პროცესში რაიმე მნიშვნელოვანი შეცდომა არ დაუშვია. ამ კონტექსტში საუბრისას კი მისი მონაწილეობით მომხდარ ინციდენტს და საჯაროდ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს იხსენებს.
”ვფიქრობ, რომ ის პირობები, რაც განაპირობებს აუდიტის სამსახურის ეფექტურ ფუნქციონირებას, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და ობიექტურობა. ჩემი აქ ყოფნის პერიოდში, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არც ერთი აუდიტორისთვის არ დამივალებია რაიმეს დაწერა ან არდაწერა. ეს იყო ის ძირითადი განმაპირობებელი, რომ აუდიტის დასკვნები იყო ობიექტური და სამართლიანი, რომელმაც შემდგომ საზოგადოებრივი ინტერესი დაიმსახურა. ერთ-ერთ ძირითად მიღწევად სწორედ დამოუკიდებლობა მიმაჩნია. შეცდომებზე მე ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული შეცდომა დაუშვა აუდიტის სამსახურმა. შეიძლება უფრო მეტად გახსნილები ვყოფილიყავით, მეტი დებატი ყოფილიყო. შეცდომებზე ასევე შეიძლება ჩემი პირადულიც გავიხსენო. ის, რაც გამოქვეყნდა საჯაროდ და ბოდიშიც მოვიხადე, ამას ძალიან ვნანობ, თუმცა მიმაჩნია, რომ ხუთმა წელმა სამსახურის საქმიანობა უფრო მეტად წარმოაჩინა”, - განაცხადა ლაშა თორდიამ.
ლაშა თორდია აუდიტის ხელმძღვანელად 2012 წლის 25 ივლისს დაინიშნა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ლაშა თორდიას. მანამდე კი მის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ნინო ლომჯარია შეასრულებს.
მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგენის უფლება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს, რომელსაც მხარი პარლამენტის სიითმა უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს. აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტი 5 წლის ვადით ირჩევს.