ჩემს შემცვლელად ვისურვებდი ნინო ლომჯარიას, ვინაიდან მას არ აქვს არანაირი პოლიტიკური ბექგრაუნდი, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედმა ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამჟამად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, ნინო ლომჯარიას მთავარ აუდიტორად დანიშვნის შემთხვევაში, მასთან მიმართებით საზოგადოებას ნაკლები კითხვის ნიშნები ექნება.
თორდიას განცხადებით, ლომჯარიას აქვს იმის ცოდნაც და გამოცდილებაც, რომ საქმიანობა სამართლიანად და უფრო ეფექტურად განახორციელოს.
როგორც ლაშა თორდიამ აღნიშნა, აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოწვევა იქნება დამოუკიდებლობა. მისივე თქმით, თუ სამსახური დაკარგავს დამოუკიდებლობას, მაშინ უწყების საქმიანობა დასრულდება.
”მომავალი მთავარი აუდიტორის, აუდიტის სამსახურის გამოწვევა იქნება დამოუკიდებლობა. თუ გენერალურმა აუდიტორმა უთხრა აუდიტორს, რომ რაღაც დაწეროს, ან არ დაწეროს, აქ სამსახურის საქმიანობა მთავრდება. მთავარია ეს არ მოხდეს, დანარჩენი ყველაფერი დაქოქილია, მექანიზმი ჩართულია და ამ მექანიზმს უნდა ზეთის დამატება, რათა არ დაჟანგდეს და არ გაჩერდეს. ჩემს შემცვლელად ვისურვებდი ნინო ლომჯარიას, ვინაიდან მას არ აქვს არანაირი პოლიტიკური ბექგრაუნდი და ვფიქრობ, საზოგადოების მხრიდანაც არ იქნება კითხვის ნიშნები. მას აქვს იმის ცოდნაც და გამოცდილებაც, რომ სამართლიანობა და უფრო მეტი ეფექტურობა განახორციელოს”, - განაცხადა ლაშა თორდიამ.