თანაინვესტირების ფონდი: იყო მცდელობა ბიძინა ივანიშვილი წარმოეჩინათ პიროვნებად, რომელიც დედაქალაქზე მორიგ აგრესიას ახორციელებს

საქართველოს თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, რომ ზოგიერთ ტელეარხზე, პროექტთან დაკავშირებით, გაკეთდა ტენდენციური და ზედაპირული შეფასებები, რაც მიზნად ისახავდა მცდარი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას.

ფონდი საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით დამატებით განმარტებებს აკეთებს. მათი ინფორმაციით, პროექტი "პანორამა თბილისი" უპრეცედენტოა იმით, რომ ის ქმნის 4 მრავალფუნქციური კომპლექსის (1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი და 4. ერეკლე II-ს მოედანი) ერთობლიობას და აკავშირებს მათ საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით, რაც დღის ყველაზე დატვირთულ პერიოდშიც კი უზრუნველყოფს კომპლექსებს შორის ავტოტრანსპორტის გარეშე, სწრაფად და მოხერხებულად, გარეთ გაუსვლელად გადაადგილებას.

”საბაგირო გზებით დაკავშირების პრაქტიკა მიღებულია მსოფლიოს მრავალ ცნობილ ქალაქში (ბარსელონა, ლისაბონი, ლონდონი, რიო დე ჟანეირო და სხვა), თუმცა კომპლექსების ამგვარი ურთიერთკავშირი პროექტს მსოფლიოში განუმეორებელს ხდის,” - აცხადებენ ფონდში.

მათი ინფორმაციით, მრავალფუნქციური კომპლექსების საშუალებით თბილისში შესაძლებელი გახდება მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციებისა და ფორუმების ორგანიზება, რაც დედაქალაქს რეგიონში დამატებით დატვირთვას შესძენს. ასევე, ფონდში ვარაუდობენ, რომ კომპლექსს განსაკუთრებული ხიბლი ექნება ტურიზმის განვითარების კუთხით.

”კომპლექსების "სოლოლაკის მაღლობისა" და "სოლოლაკის ბაღების" ფარგლებში დაირგვება 30 000 (2-დან 5 მეტრამდე სიმაღლის) ახალი ხე და გაშენდება ვერტიკალური ბაღები, რაც საგრძნობლად გააჯანსაღებს ქალაქის ეკო სისტემას. სამაგალითოა, რომ პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრსა და შემოგარენში დამატებით მოეწყობა 1 800 ავტომობილზე (თავისუფლების მოედანი - 300; ერეკლე II-ს მოედანი – 500; სოლოლაკის ბაღები - 500; სოლოლაკის მაღლობი - 500) გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომები, რაც პროექტის საჭიროებას ბევრად აღემატება და უზრუნველყოფს ქალაქში არსებული პარკირების პრობლემის მოგვარებას,” - მიიჩნევენ თანაინვესტირების ფონდში.

ფონდში აცხადებენ, რომ ”პანორამა თბილისის” განხორციელების პროცესში დასაქმდება 2 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, ოთხივე კომპლექსი შექმნის 1 000-ზე მეტ მუდმივ სამუშაო ადგილს.

დღევანდელი მდგომარეობით პროექტის მხოლოდ ერთი ნაწილის, "სოლოლაკის ბაღების" არქიტექტურული ხედვაა წარმოდგენილი, ხოლო დანარჩენ სამ კომპლექსთან დაკავშირებით მიმდინარეობს არქიტექტურული ნამუშევრების შერჩევის პროცესი, რომელებიც განსახილველად წარედგინება ქალაქის მერიას და საზოგადოებას.

ფონდში იმასაც ამბობენ, რომ პროექტ "პანორამა თბილისის" კონცეფციის პრეზენტაციის შემდეგ, საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებს ჰქონდათ მცდელობა, პროექტის მთავარი ინვესტორი, ბიძინა ივანიშვილი წარმოეჩინათ პიროვნებად, რომელიც დედაქალაქზე მორიგ აგრესიას ახორციელებს.