წლიდან წლამდე ონლაინ ვიდეორეკლამის ქრონომეტრაჟი სულ უფრო შემცირდება. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კომპანია Cisco-ს სპეციალისტები.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ონლაინ ვიდეორეკლამის ბაზარი ახალი ფორმატების ძიებაშია. ერთ-ერთი ასეთი ფორმატია Bumper - 6-წამიანი სარეკლამო რგოლი, რომელიც YouTube-მა რეკლამისდამკვეთებს გასულ წელს შესთავაზა.
მომხმარებლის მოზიდვის მიზნით 6-წამიანი რგოლების გამოშვება დაიწყო ისეთმა მსხვილმა კომპანიამ, როგორიც არის „ლორეალი“.
ფრანგულმა ბრენდმა გასულ წელს უკვე გამოუშვა 600 სარეკლამო რგოლი, რომლის ხანგრძლივობაც 6 წამს არ სცილდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ასეთი გადაწყვეტილებისკენ იმ ფაქტმა უბიძგათ, რომ ბრენდებისა და კომპანიების უმრავლესობა ცდილობს, ინტერნეტში მოახდინოს 30-წამიანი სატელევიზიო რეკლამის ადაპტირება, რაც დიდი შეცდომაა.
„ინტერნეტ კომუნიკაციის ერაში, ვფიქრობთ, 30-წამიანი რგოლის ნახვა საკმაოდ გადაღლის მომხმარებლებს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ინტერნეტში მომხმარებელს 5-6 წამის შემდეგ შეუძლია რეკლამის გამოტოვება“, - აღნიშნავენ „ლორეალში“.
მომხმარებლის ყურადღების მიპყრობის მიზნით, „ლორეალში“ ასევე გეგმავენ სრულად გადაერთონ 10-წამიან სატელევიზიო რეკლამებზე.