სოხუმის ქუჩის მცხოვრების ინფორმაციით, სახლის დემონტაჟი ერთი თვის წინ დაიწყო და მოსახლეობა კომპანია ”როიალ გრუპმა” ქირით გაიყვანა

სოხუმის ქუჩის ერთ-ერთ მცხოვრების ნუკრი მიქაუტაძის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო და სახლში მცხოვრებლები სამშენებლო კომპანია ”როიალ გრუპმა” ქირით გაიყვანა.

მისივე ინფორმაციით, 32 წლის მამამაკაცი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, მშენებლობასთან ახლოს, ქირით ცხოვრობდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟისას ნანგრევებში მოყოლილი მუშები ნანგრევებიდან იქვე მდებარე სხვა მშენებლობის მუშებმა ამოიყვანეს.

სახლის დემონტაჟის შედეგად 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის წალენჯიხის რაიონიდან არის. მას 3 მცირეწლოვანი შვილი და ფეხმძიმე მეუღლე დარჩა. ნგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი.

ადგილზე ამჟამად კრიმინალური პოლიცია მუშაობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.