ქნესეთის ვიცე-სპიკერი: საქართველოში ებრაული ინვესტიციის შემოსვლის დიდი პოტენციალია

ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი, ხილიკ ბარი თბილისში თავის თანამემამულე ინვესტორებს შეხვდა და ებრაული ინვესტიციით მშენებარე სასტუმრო „რიქსოსი“ დაათვალიერა.

როგორც ხილიკ ბარმა აღნიშნა, მისი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე კავშირის დადასტურებაა. ბარი ისრაელიდან საქართველოში ინვესტიციების ზრდას ელოდება და მიესალმება, თუ ქართველი ბიზნესმენები ისრაელის ბაზრით დაინტერესდებიან.

„საქართველოში ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის დონის ამაღლების მიზნით ჩამოვედი. გვინდა ისრაელიდან საქართველოში ინვესტიციის შემოსვლა გაძლიერდეს. ამის დიდი პოტენციალი არსებობს“, - აცხადებს ხილიკ ბარი.

შეხვედრას საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე მასპინძლობდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხილიკ ბარი საქართველოს დიდი მეგობარია და ვიცე-სპიკერის ვიზიტის დასრულებისას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები რამდენიმე სფეროში კიდევ უფრო გაძლიერდება, მათ შორის, განათლების სექტორშიც.

”მიმდინარე წელს ისრაელიდან საქართველოს ტურიზმის სფეროში ინვესტიციის შემოსვლა გაძლიერდება. წლის ბოლომდე სამი ბიზნესფორუმი ჩატარდება. თუკი აქამდე ისრაელიდან საქართველოში 300 მილიონი დოლარია შემოსული, გვჯერა, რომ ურთიერთთანამშრომლობით წლის ბოლომდე მისი რაოდენობა 600 მილიონ დოლარამდე გაიზრდება“, - განაცხადა იციკ მოშემ.

რაც შეეხება სასტუმრო „რიქსოსს“, მისი მშენებლობა 18 თვეში დასრულდება.

Read this sotry in English: There is a lot of potential to increase Israeli investments in Georgia - Knesset Vice Speaker