ტყვიის მაღალი შემცველობა საქართველოში ხორცში, რძეში, წყალსა და ყავაში აღმოჩნდა

2012-2017 წლებში სხვადასხვა პროდუქტში ტყვიის შემცველობის დარღვევის 63 შემთხვევა გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012-2017 წლებში ტყვიის გადამეტებული ოდენობის აღმოჩენის მონაცემებს მომხმარებელი.ჯი აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, პროდუქტებს შორის ყველაზე მეტი დარღვევა საქონლის ხორცის შემთხვევაშია დაფიქსირებული. საქონლის ხორცში ზედმეტი ტყვიის შემცველობა ფიქსირდება იმერეთში, აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში.

ტყვიის შემცველობის ნორმა ასევე დარღვეულია ღორის ხორცის, ფრინველის ხორცის, თევზის, რძის, ყავის, კვერცხის, მარილისა და ჭარხლის შემთხვევაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქონლის ხორცში ტყვიის შემცველობის ნორმაა 0.10მგ/კგ. ნორმის დარღვევის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 0.36მგ/კგ სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.

აჭარაში საქონლის ხორცში ტყვიის შემცველობის ნორმაა 0.5მგ/კგ, აქ ყველაზე მაღალი დარღვევა 1.80მგ/კგ დაფიქსირდა.

რაც შეეხება ღორის ხორცში ტყვიის ნორმის (0.10მგ/კგ) დარღვევის ფაქტს, იმერეთში შემოწმებულ ღორის ხორცში ტყვიის შემცველობამ 0.26 მგ/კგ შეადგინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირუტყვი უკრაინიდან იყო შემოყვანილი.

ფრინველის ხორცში ტყვიის შემცველობის ნორმის (0.10მგ/კგ) დარღვევა სამეგრელო- ზემო სვანეთში დაფიქსირდა და დარღვევამ 0.24მგ/კგ შეადგინა.

თევზში ტყვიის შემცველობის ნორმა 1.0მგ/კგ-ია, დარღვევის ფაქტი აჭარაში დაფიქსირდა და 1.63მგ/კგ შეადგინა.

რძეში ტყვიის შემცველობის ნორმა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით 0.020მგ/კგ-ია, ამ კუთხით დარღვევა აჭარასა (0.05მგ/კგ) და იმერეთში (0.03მგ/კგ) დაფიქსირდა.

კვერცხში ტყვიის შემცველობის ნორმის (0.5მგ/კგ) დარღვევის ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა და 0.52მგ/კგ შეადგინა.

როგორც მომხმარებელი.ჯი წერს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რეაგირების სახით ყველა ზემოთ აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით ეცნობა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, გამოვლენილი დარღვევის არეალის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მძიმე მეტალით დაბინძურების პოტენციური წყაროებისა და გარემოს დაბინძურების საზღვრების შესწავლით მიზნით.

მათივე ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილობით მიღებული პასუხის შესაბამისად, სამინისტრო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან ერთად ახორციელებს აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ნიადაგისა და ზედაპირული წყლის კვლევას შესაძლო დაბინძურების წყაროების დადგენის მიზნით.

დარღვევა ასევე აღმოჩდა თბილისში, მარილში ტყვიის შემცველობაზე. სეს-ს ცნობით, მარილში ტყვის შემცველობის ნორმაა 2.0მგ/კგ, თბილისში ნორმის დარღვევა კი 3.2მგ/კგ იყო. რეაგირების სახით ბიზნესოპერატორის დაევალა ბაზრიდან სურსათის გამოთხოვა და რეალიზაციის აკრძალვა.

ტყვიის ნორმის დარღვევა დაფიქსირდა სასმელი წყლის შემთხვევაში იმერეთში. სეს-ის ცნობით, სასმელი წყალში ტყვიის შემცველობის ნორმა 0,01მგ/ლ, იმერეთში კი 0.015მგ/ლ შეადგინა. რეაგირების სახით აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით ეცნობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელს მის მიერ გასატარებელი სავალდებულო მოკლევადიანი და გრძელვადიანი ღონისძიების თაობაზე მოსახლეობისთვის უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდების მიზნით.

მინერალურ წყალთან დაკავშირებით ტყვიის ნორმის შემცველობის დარღვევის ფაქტი აჭარაში დაფიქსირდა. სეს-ის ცნობით, მინერალურ წყალში ტყვიის შემცველობის ნორმა 0.010მგ/ლ-ს შეადგენს, აჭარაში კი დარღვევა 0.03 მგ/ლ იყო. რეაგირების სახით განხორციელდა საწარმოს არაგეგმური ინსპექტირება, გამოვლინდა არაკრიტიკული შეუსაბამობა. ბიზნესოპერატორს მიეცა მითითებები. ამასთან, ბიზნესოპერატორს დაევალა წყლის სასაქონლო პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა და რეალიზაციის აკრძალვა

ტყიის შემცველობის ნორმის დარღვევა დაფიქსირდა იმერეთში ნალექიან ყავაში. სეს-ს ცნობით, 1.0მგ/კგ-ის ნაცვლად, 2015 წელს იმერეთში შემოწმებული ყავა 1,71მგ/კგ ტყვიას შეიცავდა. რეაგირების სახით ბიზნესოპერატორი მავნებელი სურსათის ბაზარზე განთავსების გამო 1000 ლარით დაჯარიმდა. მას სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა და რეალიზიის აკრძალვა დაევალა. სეს-ის ცნობით, მოხდა აღნიშნული სურსათის სარეალიზო ობიექტიდან ამოღება და განადგურება.

იმერეთში ასევე დაფიქსირდა ჭარხალში ტყვიის ნორმის (0.5მგ/კგ) დარღვევა და 1.14მგ/კგ შეადგინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, განხორციელდა ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი. მოხდა აღნიშნული სურსათის სარეალიზაციო ობიექტიდან ამოღება და განადგურება.