"დიდუბის რაიონში, ჩამონგრეული შენობაზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გამოიკვეთა"

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ელზა ჯგერენაიას განცხადებით, დიდუბის რაიონში, შენობის პირველადი დათვალიერების შემდეგ შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გამოიკვეთა.

მისივე თქმით, სადემონტაჟო სამუშაოები უნდა შეასრულონ არა ხელით, არამედ შესაბამისი ინსტრუმენტებით.

,,პირველადი მოკვლევით გამოიკვეთა რიგი დარღვევები. როგორც იცით, ამ სამუშაოებს არეგულირებს მშენებლობის უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტი, სადაც კონკრეტული სტანდარტია დარღვეული. სადემონტაჟო სამუშაოს შესასრულებლად მუშახელი იქნება თუ ტექნიკური პერსონალი, ეს სამუშაოები უნდა შეასრულონ არა ხელით და კუსტარული იარაღებით, არამედ შესაბამისი ინსტრუმენტებით, რომელიც ამ დასანგრევი შენობის კედლის სიმაღლის პროპორციული მანძილით იქნება დაშორებული. სამწუხაროდ, პირველივე მოკვლევიდან ჩანს, რომ ეს ნორმები დარღვეულია და ამიტომაც მოხვდნენ დასაქმებულები ამ მდგომარეობაში. რაც შეეხება რამდენად ნებართვის საფუძველზე ეწეოდნენ სადემონტაჟო სამუშაოებს, შესაბამისი სამსახურები არიან ჩართული. ჩვენ ვთანამშრომლობთ საგამოძიებო სამსახურთან და ერთობლივად ჩვენი პასუხებისა და მათი გამოძიების შედეგად საბოლოო სურათი გამოიკვეთება და შესაბამისი რეაგირება იქნება ”, - განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.