დარიალის ხეობაში 2 კმ-მდე სიგრძის გვირაბის მშენებლობა დაიწყო. დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას გვირაბის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან გიორგი სეთურიძესთან ერთად სამუშაოებს ადგილზე გაეცნო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება 2 კმ-მდე სიგრძის გვირაბი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 8.5 მ იქნება.
პროექტის ღირებულება 47 000 000 ლარზე მეტია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
„დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენჯერმე გამეორდა, რაც საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას. ასევე, ამ პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის საშუალოდ მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად.
შესაბამისად, დევდორაკის გვირაბის მშენებლობა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის აუცილებელია და ქვეყანა შეძლებს ჰქონდეს სტაბილური და უსაფრთხო გზა“, -ნათქვამია ინფორმაციაში.