ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი სამშენებლო ობიექტებზე თანამედროვე სტანდარტების მიღმა არსებულ მდგომარეობას- ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს.
როგორც სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კალაძე აღნიშნავს, შრომითი უსაფრთხოების ზომები უნდა გამკაცრდეს.
“სამწუხაროდ, გუშინ სამშენებლო ობიექტებზე ორი ადამიანი დაიღუპა - კოკა მიქიაშვილი და ნუკრი სალია. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებსა და ნათესავებს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი სამშენებლო ობიექტებზე თანამედროვე სტანდარტების მიღმა არსებულ მდგომარეობას. უნდა ვიზრუნოთ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე. აუცილებლად უნდა დაინერგოს მშენებლობის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტები და რეგულაციები. ამ საკითხში ჩვენ ვიქნებით კატეგორიულები, ძალიან პრინციპულები, რათა ეს ყველაფერი მოვიყვანოთ აღსრულებაში, რაც პირდაპირ კავშირშია მშენებლობებზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოებასთან, მათ ჯანმრთელობასთან. დასაქმებულთა უსაფრთხოება, მათი სიცოცხლის დაცვა უნდა იყოს ნებისმიერი ბიზნესის ამოსავალი წერტილი და უპირველესი ინტერესი”, - აცხადებს კახა კალაძე.