2017 წლის საგამოცდო პროცესი დღეს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსით სრულდება. გამოცდები 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრირებული იყო 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 000-მდე სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 13 500-მდე კანდიდატი; მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრირებული იყო - 27 000 -ზე მეტი აპლიკანტი. თუმცა, რეგისტრირებული აპლიკანტების ნაწილი გამოცდებზე არ გამოცხადებულა.
ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა: ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.
საგამოცდო ნაშრომების გასწორება საგამოცდო პროცესის პარალელურად დაიწყო. აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევისა თუ შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე ექნებათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შედეგების გამოცხადებას ეტაპობრივად დაიწყებს. აბიტურიენტები ჯერ ზოგად უნარებში მიღებულ ქულებს შეიტყობენ - ამ გამოცდის პასუხების ფურცელი კომპიუტერულად, სპეციალური სკანერისა და პროგრამის მეშვეობით სწორდება. შედეგებთან ერთად, თითოეულ აბიტურიენტს საკუთარი ნამუშევრის ელექტრონული ვერსიის ნახვაც შეეძლება.
ამასთან, დღეს, 11:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი შემაჯამებელ ბრიფინგს გამართავს.