თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა და სამგორის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
ამის შესახებ თბილისის მერია იუწყება.
მათი ცნობით, გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ახორციელებს.
სამუშაოების ფარგლებში, ახალი ბაზალტის ბორდიურებით მოეწყობა ტროტუარები, მოხდება ძველი ასფალტის დემონტაჟი და დაიგება ახალი, ორფენიანი საფარი.
„ეს გზა ძალიან დაზიანებული იყო და კეთდება კაპიტალურად. იგება ასფალტის ორი ფენა. სამუშაოები ძირითადად ღამის განმავლობაში მიმდინარეობს, რათა დღისით ხელი არ შევუშალოთ საგზაო მოძრაობას. ზაფხულის პერიოდს მაქსიმალურად გამოვიყენებთ გზის აღსადგენად“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
კახეთთან დამაკავშირებელი გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია 12 ივლისს დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.