რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც ბინის გაყიდვა გვსურს

ბინის გაყიდვა მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული და საცხოვრებელ ფართში დიდი თანხის გადახდა ბევრს არ შეუძლია.

გარდა ამისა, თბილისში ძალიან ბევრი ახალი კორპუსი შენდება, რაც ძველ კორპუსებს სერიოზულ კონკურენციას უწევს. როგორ შევადგინოთ და გამოვაქვეყნოთ განცხადება ისე, რომ ჩვენი ბინით უფრო მეტი პოტენციური მყიდველი დაინტერესდეს და მაქსიმალური შედეგი მივიღოთ? - ეს შეკითხვა უძრავი ქონების სააგენტო „კიბეს“ ხელმძღვანელს - ნელი გოგუაძეს დავუსვით.

- თანამედროვე საინფორმაციო საშუალებებს უძრავი ქონების რეალიზაციის დროს სულ უფრო აქტიურად იყენებენ. განცხადება ბინის გაყიდვის თაობაზე შეიძლება განათავსოთ სპეციალურ საიტზე, ან გაზეთში. განცხადებაში უნდა ჩაიწეროს საცხოვრებელი ბინის მისამართი: რომელ უბანში და რომელ კორპუსში მდებარეობს ის. სასურველია მიუთითოთ, ძველი კორპუსია თუ ახლად აშენებული. ასევე - ჭერის სიმაღლე, ოთახების რაოდენობა და ბინის ფართობი - ზუსტად უნდა მიუთითოთ, რამდენი კვადრატულია ბინის ფართობი. ასევე სასურველია მიუთითოთ ოთახების და სველი წერტილების რაოდენობა, კუთხის ბინა ხომ არ არის და აქვს თუ არა გამავალი ოთახები. თუ ბინა გარემონტებულია, უნდა მიუთითოთ, როდის გააკეთეთ რემონტი და მიუთითოთ მისი აღწერილობაც. სასურველია განცხადებაში ჩაწეროთ, თუ რით არის კორპუსი ნაშენები - ეს არის ძირითადი პარამეტრები, რომლებიც განცხადებაში უნდა გაითვალისწინოთ.

- ქალბატონო ნელი, ასეთ განცხადებებს თითქმის ყოველთვის ახლავს ფოტოები. რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც გასაყიდ ბინას სურათს ვუღებთ?

- პირველ რიგში, ეს ფოტოები რეალური უნდა იყოს, სადაც კარგად ჩანს ბინის ნაკლოვანებაც და ღირსებაც. როდესაც პოტენციური მყიდველი ამ სურათებს ნახავს, სრულყოფილი წარმოდგენა უნდა შეექმნას თქვენს ბინაზე. ზოგჯერ აგზავნიან სურათებს, რომელიც სინამდვილეს ოდნავაც არ შეეფერება. არ შეიძლება ოთახები ზედმეტად ლამაზი ჩანდეს, მაგალითად, ამასწინათ გადმომიგზავნეს საძინებლის ფოტო, სადაც საძინებელი ოთახის ნაცვლად საწოლი ჩანდა. სურათებში ოთახები მთლიანად უნდა ჩანდეს. ასევე სასურველია განცხადებას დაერთოს გასაყიდი ბინის ნახაზი, რომელიც მყიდველს უფრო ზუსტ წარმოდგენას შეუქმნის, რადგან ნახაზში კარგად ჩანს ოთახების განლაგება და ბინის საერთო სურათი.

- ხშირად ბინას მიშენებაც აქვს, რომელიც დაუსრულებელია. მისი ფოტოც უნდა დაიდოს?

-რა თქმა უნდა, თუ გასაყიდ ბინას აქვს მიშენება, რომელიც კარკასულ მდგომარეობაშია, აუცილებლად უნდა მიუთითოთ. მყიდველი ბინის სანახავად რომ მოვა, ხომ ნახავს, რომ მიშენება გასარემონტებელია? ამიტომ, ეს საკითხიც წინასწარ უნდა გააცნოთ პოტენციურ მყიდველებს. დავუშვათ, თქვენი ბინის ფართობი მთლიანობაში 100 კვ.მეტრია და აქედან 40 კვ.მ. მიშენებას უკავია. განცხადებაში ეს ფაქტიც უნდა მიუთითოთ. რა თქმა უნდა, მიშენება ლეგალიზებული უნდა იყოს და ბინის მფლობელს ხელთ უნდა ჰქონდეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ამ შემთხვევაში ის ჩვეულებრივ შევა გასაყიდი ბინის ფართობში.

- ბინის საერთო ფართში აივანიც შედის?

- რასაკვირველია. თუ დიდი აივანი (ან აივნები) გაქვთ, განცხადებაში უნდა ჩაწეროთ, რომ თქვენი ბინის მთლიანი ფართობი 100 კვ.მეტრია, ოღონდ, აქედან საცხოვრებელი ფართი არის 90 კვ.მ., ხოლო 10 კვ.მ. აივანს უკავია.

- განცხადებაში უზუსტობა დასაშვებია?

- არავითარ შემთხვევაში. მყიდველი რომ მოვა, სინამდვილეს ხომ მაინც დაინახავს? ამიტომ, აზრი არა აქვს დამალვას. მე ყოველგვარი უზუსტობისა და ტყუილის წინააღმდეგი ვარ. ასეთი რამ გამყიდველის იმიჯზეც ცუდად მოქმედებს და ბროკერის იმიჯზეც. ჯობია განცხადებაში საერთოდ არაფერი ჩაწეროთ, ვიდრე დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაცია მიაწოდოთ. ეს ფოტოებსაც ეხება: ხშირად კომერციულ ფართს როცა ყიდიან, რეალური სურათის ნაცვლად ინტერნეტიდან ამოღებულ სურათებს დებენ. ჯობია ფოტო საერთოდ არ დადოთ, ვიდრე სხვა რამის სურათი გამოაქვეყნოთ. არარეალური არც ინფორმაცია ვარგა და არც - სურათი. მით უმეტეს, როცა საქმეში უძრავი ქონების სააგენტოა ჩართული: მე რომ წავიყვან ადამიანს და იქ სულ სხვა რამ დახვდება, ვინ გამოვდივარ? - მატყუარა ბროკერი. ჩემს იმიჯს ასე იოლად ვერ შევლახავ - სწორედ ასე ფიქრობს ყველა ნორმალური ბროკერი და უძრავი ქონების სააგენტოს წარმომადგენელი.

ხათუნა ჩიგოგიძე