კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების შეზღუდვის შესახებ შემოდგომაზე ძალაში შევა.
ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით მორატორიუმია გამოცხადებული. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სპეციალისტების თქმით, კანონი დასახვეწია და ყურადღება არა მარტო მიწის მფლობელობაზე, არამედ, ზოგადად, მიწათმოქმედებაზე უნდა გამახვილდეს.
უმრავლესობის წევრი გელა სამხარაული "რეზონანსთან" აცხადებს, რომ უცხოეთის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების შეზღუდვის შესახებ კანონზე მუშაობა შემოდგომისთვის დასრულდება. ორგანულ კანონს ექნება მაღალი ნდობა და ქართული მიწა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მფლობელობაში უნდა რჩებოდეს.
"ამჟამინდელი მორატორიუმი ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დარეგისტრირებულ კომპანიებზე მიწის გასხვისების შეზღუდვას. მორატორიუმი ძალაშია, ვიდრე ჩვენ ვიმუშავებთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ ორგანულ კანონზე, სადაც მოხდება ყველა იმ მიდგომის გათვალისწინება, რაც უკავშირდება აგრარული დანიშნულების მიწის ფლობის ფორმებს.
ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფი იყო ჩამოყალიბებული, სადაც შედიოდნენ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. სამუშაო პროცესში ჩართულნი იყვნენ იუსტიციის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროები, რა თქმა უნდა, პარლამენტიც. სამომავლოდაც ასეთ რეჟიმში ვიმუშავებთ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ჩვენ საკმაოდ დეტალურად განვიხილავთ ამ საკითხს. არ ვფიქრობ, რომ დიდ დროს წაიღებს კანონის დახვეწა და, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე მივიღებთ კიდეც.
ორგანულ კანონს ექნება მაღალი ნდობა. ეს არის ჩვენი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არის მნიშვნელოვანი რესურსი ჩვენი ქვეყნისთვის. მას უნდა ფლობდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს კანონმდებლობით დარეგისტრირებული იურიდიული პირი", - განუცხადა "რეზონანსს" სამხარაულმა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლების სამუშაო პროცესი მიწის კანონთან დაკაშვირებით საკმაოდ ბუნდოვანია და არავინ იცის, რა იქნება მისი საბოლოო შედეგი. აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ აუცილებელია, ქვეყანაში არსებობდეს კოდექსი მიწის შესახებ, რომელშიც თავს მოიყრის მიწის შესახებ ყველა კანონი. ამ წინადადებაზე კი ხელისუფლება დუმს და ამიტომ ჯერჯერობით არავინ იცის, საბოლოოდ რის წინაშე დაგვაყენებენ.
"ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მიწის კოდექსი, სადაც თავს მოიყრის მიწის შესახებ ყველა კანონი. სულ ხუთი კანონია ასეთი. ამას ვამტკიცებთ ამდენი წელია. ყველაფრის კოდექსია საქართველოში - წყლის, ტყის, წიაღის, მაგრამ შეგნებულად არ კეთდება მიწის კოდექსი. ეს პროცესი მიმდინარეობს 15 წელია და ისევ გაურკვეველი მდგომარეობაა.
პროცესი იმდენად ბუნდოვანია, რომ არ ვიცით, რას აკეთებენ. რა პროექტიც წარმოადგინეს, ის ჩემს თანამოაზრეებთან ერთად არაერთხელ უარვყავი. მათ ნდობა აქვთ დაკარგული და, შესაბამისად, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი", - განუცხადა "რეზონანსს" კოღუაშვილმა.
კანონი უნდა ეხებოდეს არა მარტო მიწათმფლობელობას, არამედ მიწათსარგებლობასაც. სამართლის სპეციალისტ დავით ზარდიაშვილის აზრით, კანონი, რომელზეც მუშაობა ახლა მიმდინარეობს, სერიოზულად გადასახედია და მნიშვნელოვანი პუნქტების დამატება სჭირდება. მიწათმფლობელის ვალდებულებაა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მიწის ჯეროვნად გამოყენება და ამას კანონი უნდა განსაზღვრავდეს.
"მიწის კოდექსია მოსამზადებელი სისტემატიზებული სახით. იგი უნდა ეხებოდეს არა მარტო მიწათმფლობელობას, არამედ მიწათსარგებლობასაც. ის კანონი, რომელზეც მუშაობენ, არის უვარგისი და საერთოდ უნდა აიკრძალოს. მარტო ის კი არ არის მთავარი, რომ უცხოელებზე შეიზღუდოს მიწის გაყიდვა, არამედ მნიშვნელოვანია, რაც კი მიწის რესურსი გვაქვს, მისი გამოყენება ჯეროვნად მოხდეს.
არავისთვის დასამალი არ არის, რომ მიწათსარგებლობა მოსაწესრიგებელია ჩვენს ქვეყანაში. საქართველო ამ მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი სახელმწიფოა, რომელსაც მიწათსარგებლობის კოდექსი არ გააჩნია. ისიც კი არ ვიცით, რამდენი ვენახი, ბოსტანი ან ტყე გვაქვს. ეს არის სამარცხვინო ვითარება, რომელიც კანონმა პირველ რიგში უნდა მოაწესრიგოს.
რასაკვირველია, მიწათმფლობელობაც გადამწყვეტია, მაგრამ მიწათსარგებლობის ცოდნის გარეშე ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ არ გაყიდი, უნდა მოუარო. თუ არც გაყიდი და არც მოუვლი, ჩვენზე სასაცილო დღეში არავინ იქნება. მიწათმფლობელის ვალდებულებაა მისი სწორად გამოყენება. საკუთრება, როგორც უფლება, ვალდებულების გარეშე არ არსებობს. პირველ რიგში, ეს უნდა თქვას კანონმა", - განაცხადა ზარდიაშვილმა.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"