უზბეკეთში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის შვილი გულნარა კარიმოვა დააკავეს. აღნიშნულის შესახებ უზბეკეთის გენერალური პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს.
გულნარა კარიმოვას ბრალად ედება თაღლითობა, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევა, ვაჭრობისა და მომსახურების გაწევის წესების დარღვევა, დოკუმენტების გაყალბება და დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლის ლეგალიზება.
გენერალური პროკურატურის განცხადებით, სამი კერძო კომპანიის მიერ გადასახადების გადახდის თავიდან არიდების საქმის გამოძიების ფარგლებში გაირკვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის შვილი შესაძლოა უშუალოდ ხელს უწყობდა მათ დანაშაულს.
„გამოძიების მასალების თანახმად, 12 ქვეყნის ტერიტორიაზე დადგინდა დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ლეგალიზებული აქტივების არსებობა 1,394 მილიარდი აშშ დოლარის, 63,5 მილიონი ევროს, 27,1 მილიონი გირვანქა სტერლინგისა და 18,5 მილიონი ფრანკის ოდენობით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.