ჩნდება ეჭვი, რომ თამბაქოს ინდუსტრია მთავრობის და პარლამენტის ნაწილს მართავს, მეტიც, საკუთარ მარიონეტებად აქცია , - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ”თამბაქოს კონტროლის ალიანსის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ”თამბაქოს კონტროლის ალიანსიდან” იუწყებიან, 26 ივლისს, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, 2017 წლის 17 მაისს მათ მიერვე მიღებული ახალი საკანონმდებლო ცვლილება თამბაქოს კოლოფის სადა შეფუთვასთან დაკავშირებით (რომელიც ითვალისწინებს ყველა სახის თამბაქოს ნაწარმისათვის ერთიან სტანდარტიზებულ შეფუთვას) ხელახალი განხილვის საგნად აქციეს და მისი ამოქმედება 2018 წლის 1-ლი იანვრის ნაცვლად, 2022 წლის 31 დეკემბრამდე, ხუთი წლით გადაავადეს.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს საკუთარი უპრინციპობა.
მათივე ინფორმაციით, პარლამენტის მხრიდან აღნიშნული ინიციატივა ანრი ოხანაშვილს ეკუთვნოდა.
”ამ შეთქმულების ავტორები ბრიტანულ ამერიკული თამბაქოს კომპანიის, ”ჯაპან თობაქო ინტერნეიშენალის”, ”ფილიპ მორისის”, ”იმპერიალ თობაკოს” წარმომადგენლები არიან, რომელთაც კულუარებში მოახერხეს კონკრეტული მაღალი თანამდებობების პირებისა და შემდგომში პარლამენტის წევრების გადაბირება და პარლამენტს ახალგაზრდებისათვის არამიმზიდველი თამბაქოს შეფუთვის შემოღება 5 წლით გადაავადებინეს. შესაბამისად ჩნდება ეჭვი, რომ თამბაქოს ინდუსტრია მთავრობის და პარლამენტის ნაწილს მართავს, მეტიც, საკუთარ მარიონეტებად აქცია”, - აცხადებენ ალიანსში.
ალიანსში იმედოვნებენ, რომ დეპუტატები შეცდომას მალევე გაიაზრებენ და საკითხის ინიცირებას თავიდან მოახდენენ, რათა სადა შეფუთვა უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შევიდეს ძალაში.