სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ იურისტის ვაჟა მაისურაძის განცხადებით, სახელმწიფოს არ აქვს თავი, რომ რაიმე გონივრული გამოსავალი მოძებნოს და ურჩევნია, წინასაარჩევნოდ სხვების გულის მოსაგებად, ერთი მსხვერპლი ბოლომდე გაანადგუროს , -ამის შესახებ ვაჟა მაისურაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორისთვის წაყენებული ბრალი აბსურდულია და ქონების განადგურება დამნაშავის მიერ განზრახ ცეცხლის წაკიდებამ გამოიწვია.
„სამართლიანობა და კანონიერება მოითხოვს, რომ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს დამნაშავემ ან იმ პირთა ჯგუფმა, ვინც „ბავშვთა სამყაროს“ ცეცხლი წაუკიდა. გამოიძიების დასკვნით დადგენილია, რომ ადგილი ჰქონდა ცეცხლის წაკიდებას და არავითარ შუაში არ არის აბსურდული ბრალდება უსაფრთხოების წესების დარღვევასთან დაკავშირებით. უსაფრთხოების წესები იყო ყოველმხრივ დაცული და რომც არ ყოფილიყო წესები დაცული, ქონების განადგურება გამოიწვია არა წესების დაუცველობამ, არამედ დამნაშავის მიერ განზრახ ცეცხლის წაკიდებამ“,- განაცხადა „ბავშვთა სამყაროს“ იურისტმა ვაჟა მაისურაძემ.
იგი არ გამორიცხავს, რომ თუკი „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორს გიორგი მაჭავარიანს ქართული სასამართლო არ გაამართლებს, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.