შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან მომხდარ შემთხვევას შეისწავლის , - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განაცხადეს.
უწყების ინფორმაციით, სარკინიგზო გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა თავის ღია და მხრის არეში ჭრილობებით თავდაპირველად ხაშურის კლინიკაში გადაიყვანა.
მათივე ცნობით, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი შეისწავლის ადგილზე არსებულ პირობებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან, სადაც სარკინიგზო გვირაბების მშენებლობა მიმდინარეობს, გუშინ ერთი ნაწილის ჩამონგრევის შედეგად იქ დასაქმებული ორი ადამიანი დაშავდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ განუცხადა, მათგან ერთი მსუბუქადაა დაშავებული, ხოლო მეორე - შედარებით მძიმედ.
მისივე თქმით, აღნიშნულ პიროვნებას თავდაპირველად ხაშურის კლინიკაში გაუწიეს სამედიცინო დახმარება, დღეს კი თბილისში, კლინიკა „ლანცეტში“ გადმოჰყავთ.