რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე - ხარაგაულში, გვირაბის მშენებლობაზე უსაფრთხოების თვალსაზრისით, მძიმე მდგომარეობაა

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა ხარაგაულში გვირაბის მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების სერიოზულ დარღვევებზე საუბრობს.

როგორც  რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ ილია ლეჟავამ განაცხადა, ხარაგაულში, სადაც ჩინური კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე უბანი“ გვირაბის მშენებლობის სამუშაოებს აწარმოებს, პროფკავშირის ინსპექტორებმა მაისის თვეში მონიტორინგი ჩაატარეს და დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების მდგომარეობა შეამოწმეს. დარგობრივმა პროფკავშირმა სიტუაციის გამოსასწორებლად რეკომენდაციები დამსაქმებელს წერილობით გადასცა.

ილია ლეჟავას თქმით, სექტემბერში ახალი მონიტორინგი უნდა განეხორციელებინათ, რათა გაერკვიათ დარღვევებიდან რა გამოსწორდა.

„ამ ობიექტზე მუდმივად შემოწმებას „საქართველოს რკინიგზა“ უნდა ახორციელებდეს, რადგან გვირაბის მშენებლობის სამუშაოებს მისი კონტრაქტორი კომპანია ასრულებს. ეს ყველაფერი დებულებით აქვს გაწერილი რკინიგზას და ამას არ ასრულებს. ეს არის პრობლემა. ამაზე 20-მა არასამთავრობო ორგანიზაციამაც კი მისწერა თავის დროზე რკინიგზას. სამწუხაროდ, ეს დღემდე არ შესრულებულა.

ჩვენ იქ ვნახეთ, რომ გვირაბის მშენებლობა უხარისხოდ მიმდინარეობდა და ნორმები სათანადოდ არ იყო დაცული. სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ ეს ყოველივე ადგილზე. გვირაბში ვინტილაცია არ იყო მოწყობილი და მუშებს სუნთქვა უჭირდათ. იქ ყოფნისას ჩვენ გავაჩერეთ მუშაობა და განვაცხადეთ, რომ მუშაობა არ განახლდებოდა, ვიდრე ვენტილაციის პრობლემა არ მოგვარდებოდა. მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აფეთქებიდან 1,5 სთ გარეთ იქნებოდნენ მუშები და შემდეგ შევიდოდნენ, როდესაც ვინტილაცია გაუმჯობესდებოდა. ჩვენი ინფორმაციით, იქ ვენტილაცია დღემდე არ გაუმჯობესებულა. ასევე, ელექტროსადენები იყო შიშველ მდგომარეობაში. იქ უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობაა“, - განაცხადა ლეჟავამ.

ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე გუშინ ორი მუშა დაშავდა. სამუშოებს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბრიგადა“ აწარმოებს.