იმპორტიორებს პროდუქციის შემოტანაზე ნებართვის მისაღებად საკონტროლო მომსახურება უძვირდებათ

უცხოურ საწარმოებში წინასაიმპორტო ვეტერინალურ-ინსპექტორული კონტროლი ძვირდება. საქმე ეხება არაკეთილსაიმედო ქვეყნებში წარმოებულ პროდუქციას, რომლის იმპორტისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად შემომტანი ვალდებულია, რიგ შემთხვევებში საწარმოში საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მივლინება უზრუნველყოს. სპეციალისტები საწარმოო პროცესს ადგილზე აკვირდებიან და შესაბამის ნებართვასაც ამის საფუძველზე გასცემენ.

მთავრობის ახალი დადგენილებით კი, სააგენტოს მომსახურების ტარიფები იზრდება, შესაბამისად, იმპორტიორთა ხარჯებიც.

კერძოდ, თუ ადრე მოსაზღვრე ქვეყნებში საკონტროლო მომსახურება 800 აშშ დოლარი ღირდა, ამიერიდან, მთავრობის დადგენილებით, ქვეყნების დიფერენცირება მოხდება, აზერბაიჯანსა და სომხეთში აღნიშნული ტარიფი 1600 დოლარს მიაღწევს. რაც შეეხება რუსეთს, ის აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის სატარიფო ზონაში მოექცევა და მოცულობაც 2500 დოლარს მიაღწევს (ძველი რედაქციით, აღმოსავლეთ ევროპაში სურსათის სააგენტოს მომსახურება 1500 დოლარით, ხოლო დასავლეთ ევროპაში - 1800 დოლარით განისაზღვრებოდა).

აზიაში მოსაკრებელი თითქმის ოთხჯერ, 2200 დოლარიდან 8 000 დოლარამდე მოიმატებს, ჩრდილოეთ აფრიკაში - 1 200 დოლარიდან 5 000 დოლარამდე, ხოლო სამხრეთ აფრიკაში - 2 200 დოლარიდან 6 000 დოლარამდე.

2 300 და 2 500 დოლარის ნაცვლად სააგენტოს სპეციალისტების მომსახურება 8 ათას დოლარამდე გაიზრდება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.

დადგენილებაში ჩაემატა მუხლი, რომლის მიხედვით, წინა საიმპორტო ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლი ერთი მომსახურების საფასურით შეიძლება განხორციელდეს ერთი ქვეყნის არაუმეტეს ორ საწარმოში.

აღსანიშნავია, რომ წინასაიმპორტო ნებართვისგან თავისუფალია პროდუქცია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, შვეიცარიიდან და ისრაელიდან; ასევე საწარმოებიდან, რომლებიც აღიარებულია აღნიშნული ქვეყნების მიერ, ან რომლებსაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების აკრედიტაციის ორგანოების მიერ დანერგილი აქვთ სურსათის უვნებლობის ხარისხის მართვის სისტემა.