ირაკლი აბესაძე: "პანორამა თბილისის" პროექტს სათანადო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ჯერ არ ახლავს

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, "პანორამა თბილისის" პროექტს ჯერ არ ახლავს სათანადო დასაბუთება, რაც მერიას გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებოდა.

"დღეს თბილისის მერიაში იწყება ე.წ. პანორამა თბილისის პროექტის განხილვა, განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებისთვის მზადება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ხორციელდება ქალაქის ისტორიულ ნაწილში და მოიცავს ლანდშაფტურ ტერიტორიას, იხარჯება მნიშვნელოვანი ოდენობის ინვესტიცია, ჯერჯერობით, პროექტს არ ახლავს სათანადო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, კვლევები, რაც საშუალებს მისცემს თბილისის მერიას, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება პროექტის სასარგებლოდ, შეიტანოს მასში გარკვეული ცვლილებები ან უარი თქვას პროექტის განხორციელებაზე. შესაბამისად დღეს პროექტის ავტორები წარმოადგენენ თავიანთ ხედვას, მოსაზრებებს, რის შემდეგაც მოუწევთ შესაბამისი კვლევების და დოკუმენტაციის მომზადება სრულყოფილად და თბილისის მერიისთვის წარდგენა", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისივე თქმით, მერიამ ჯერ არ იცის, რამდენად შესაბამისია მსგავსი ტიპის პროექტი იმ ტერიტორიისთვის, სადაც მისი განხორციელება იგეგმება, ვინაიდან შესაბამისი დოკუმენტაცია პროექტის ავტორებისგან წარმოდგენილი არ არის.

თბილისის მერიის მოადგილის თქმით, კანონის თანახმად, პროექტის განხილვის პროცედურას სულ მცირე ორი თვე სჭირდება და ეს ვადა, სავარაუდოდ, სრულად იქნება გამოყენებული.