"ხრუშჩოვკის" ისტორია - რა არ იცით კორპუსებზე, რომლებშიც შესაძლოა მთელი ცხოვრება გაატარეთ

ე.წ. "ხრუშჩოვკა" პოსტსაბჭოთა სივრცის არქიტექტურული "შედევრია". ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიის მოსახლეობის ლამის ნახევარზე მეტი ასეთი ტიპის საცხოვრებელ სახლებში ცხოვრობს. იმის გამო, რომ საქართველოც ამ სივრცის ნაწილი იყო, ცხადია, ამ მახინჯი შენობებით გაშენებულ უბნებსა და მიკრორაიონებს ვერ ასცდა.

"ხრუშჩოვკა" ნიკიტა ხრუშჩოვის (საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1953-1964 წლებში) პერიოდის 3-5-სართულიანი პანელებიანი ან აგურის საყოფაცხოვრებო ბინების კომპლექსებია, რომლის პროექტიც მართალია არქიტექტორ ვიტალი ლაგუტენკოს ეკუთვნის, თუმცა ხალხში მას დღემდე "ხრუშჩოვკის" სახელით მოიხსენიებენ.

პროექტს, რომელიც მასობრივად საბჭოთა კავშირში 1960-1980-იან წლებში აქტიურად მუშაობდა, ასე დაიწყო: 1947-1951 წლებში საბჭოთა არქიტექტორები საბინაო კრიზისის გადასაჭრელად და დანახარჯების, ასევე დროის შემცირების მიზნით, სხვადასხვა ტექნოლოგიას ამუშავებდნენ. 1950 წელს, არქიტექტორთა ყრილობაზე, რომელსაც მოსკოვის საქალაქო პარტიული კომიტეტის თავმჯდომარე - ნიკიტა ხრუშჩოვი უძღვებოდა, არქიტექტორებს მთავარ ამოცანად დაუსახა დაბალფასიანი, სწრაფი ტექნოლოგიები და მალე, მოსკოვში, ბეტონის ფილების ჩამომსხმელი 2 ქარხანა გახსნა.

იმ დროისთვის, ბინების მშენებლობის მიმართულებით რამდენიმე ექსპერიმენტული პროექტი უკვე ხორციელდებოდა, თუმცა მზა ბეტონის პანელებმა ყველას აჯობა და სხვა საშუალებები და ინდივიდუალური სახლების მშენებლობა როგორც გაუმართლებელი ტექნოლოგია, დაივიწყეს, რადგანაც ტრადიციული აგურით მშენებლობა შრომატევადი იყო, ამ პროექტებს საკმარისი დრო მიჰქონდა და გადატვრთული ქალაქების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.

მოკლედ, 1954-1961 წლებში ინჟინერმა ვიტალი ლაგუტენკომ, რომელიც მოსკოვის ქალაქმშენპროექტის უფროსი იყო, დააპროექტა და სერიულ ინდუსტრიალიზებული მშენებლობის პროცესის გამოცდა დაიწყო, რომელიც ბეტონის პანელების ქარხნებსა და დაჩქარებული აწყობის სისტემას ეყრდნობა. 1961 წელს ლაუგატენკოს ინსტიტუტმა მზა ხუთსართულიანი შენობის პროექტი "კ-7" შეიმუშავა, რომელიც "ხრუშჩოვკის" პროტოტიპი გახდა. თავიდან, 1961-1968 წლებში ამ ტიპის 64.000 შენობა (3.000.000 მ2) აიგო. თავად მოსკოვში, ადგილის უკმარისობის გამო, ამ პროექტით 9-12-სართულიანი შენობების აგება გახდა საჭირო, ხოლო ბოლო ხუთსართულიანი ხრუშჩოვკა იქ 1971 წელს აშენდა.

პროცესი ისეთი სწრაფი და ეკონომიური აღმოჩნდა (ხარისხს არავინ ჩიოდა), რომ ამ ტიპის ბინების მშენებლობა მთელ საბჭოთა კავშირში დაიწყეს, რაც თითქმის 1980-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა.

ამ ტიპის სახლში ჭერი 2,5 მ-ს არ აღემატებოდა, შიდა კედლებს ხმის ცუდი იზოლაცია ჰქონდა. ამ სახლებში არ იყო ლიფტი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ხრუშჩოვკების" პირველი სერია საბინაო პრობლემის დროებით გადასაწყვეტად შეიქმნა და 25 წელზე იყო გათვლილი, თუმცა ბევრი მათგანი დღემდე ფუნქციონირებს. ხოლო "მყარი" "ხრუშჩოვკების" სერია 50 წელზე იყო გათვლილი, გამოკვლევით დადგინდა, რომ დროული კაპიტალური რემონტის შემთხვევაში, მათი რესურსის გახანგრძლივება 150 წლამდე იყო შესაძლებელი. განაგრძეთ კითხვა