გიორგი ბაჩიაშვილი: ვისი ფული იხარჯება და რამდენი "პანორამა თბილისში", მერიის საქმე არ არის

"მერიის საქმე ნამდვილად არ არის, თუ ვისი ფული იხარჯება და რამდენი "პანორამა თბილისში", - ასე გამოეხმაურა "თანაინვესტირების ფონდის" ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი თბილისის მერის მოადგილეს, ირაკლი აბესაძეს.

გიორგი ბაჩიაშვილმა ირაკლი აბესაძის იმ განცხადებას უპასუხა, რომლის თანახმადაც, პროექტის ავტორებს, ჯერჯერობით, წარმოდგენილი არ აქვთ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რომელიც მერიას შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად ესაჭიროება.

"ჩვენ კომისიის შეკრებაზე ყველანაირ პასუხს წარმოვადგენთ. რაც შეეხება ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების წარმოდგენას, სასაცილოა, მერია რატომ კითხულობს ამას. ის პროექტში  ინვესტიციას თვითონ ხომ არ დებს? ეკონომიკური დეტალები მერიის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს. რაც შეეხება წმინდა ტექნიკურ დეტალებს, ამ შეხვედრაზე გავივლით მათ და მერიის ყველა კითხვას პასუხი გაეცემა", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

"პანორამა თბილისის" პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, დღეს თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის სხდომა იმართება, სადაც აღნიშნული საკითხის ირგვლივ განხილვა მოეწყობა.