ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ოთხ ქალაქში: გვანჯოუ, ჩჟუნშანი, შენჩჟენი და ფოშანი ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, საერთაშორისო მარკეტინგული კომპანია Meiburg Wine Media-ს ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან.
უწყების ინფორმაციით, ჩინეთის სამხრეთში მდებარე პროვინცია გუანდუნის ქალაქებში ღვინის პროფესიონალებსა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს 40-მდე დასახელების ქართული პრემიალური ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათ. ჩინეთის აღნიშნულ ნაწილში ქართული ღვინის ასე მასშტაბური წარდგენა პირველად მოეწყო და ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გეგმავს.
დეგუსტაციებს სახელწოდებით „ქართული ღვინის გუანდუნის ტური“, ღვინის პროფესიონალებთან ერთად, ადგილობრივი დისტრიბუტორები და იმპორტიორებიც დაესწრნენ. წარმოდგენილმა ღვინოებმა სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდისკენ გადადგმულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.
როგორც ცნობილი ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი აღნიშნავს, საქართველო ჩინელ მომხმარებელს ქართული ღვინის დიდ მრავალფეროვნებას სთავაზობს და სხვადასხვა გემოვნების მქონე ჩინელ მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა ამ ნაირსახეობებიდან მისთვის სასურველი ღვინო შეარჩიოს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრად. 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 3,84 მლნ ბოთლი, რაც 104%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს და ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ჩინეთი მეორე ადგილს იკავებს.