თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი - გენგეგმა „ხრუშჩოვკების“ ტერიტორიებზე კომპლექსური რეკონსტრუქციის ჩატარებას ითვალისწინებს

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცალკე ბლოკად არის გამოყოფილი „ხრუშჩოვკების“ საკითხის აქტუალობა, რომელიც გულისხმობს ამ ტერიტორიებზე კომპლექსური რეკონსტრუქციის ჩატარებას , - ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით ქალაქში „ხრუშჩოვკების“ ტერიტორიებზე განაშენიანების კონკრეტული გეგმები შემდგომ უნდა დამუშავდეს. ბოლქვაძის განცხადებით, „ხრუშოვკებთან“ დაკავშირებით, ის კახი კალაძის საპროექტო წინადადებას ჯერ არ გასცნობია.

„თქვენ იცით, რომ მესამე მასივში „ხრუშჩოვკები“ უკვე ინგრევა. ქალაქის ტერიტორიაზე დიდია ისეთი ტერიტორიები სადაც, „ხრუშჩოვკებია“ და აუცილებელია გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ თუ რაიმე მოსაზრება აქვთ, ვნახავთ და გავეცნობით. შემიძლია გითხრათ, რომ აუცილებლად არის მოსაგვარებელი ეს საკითხი. გენერალურ გეგმაში ცალკე ბლოკად არის გამოყოფილი ამ საკითხის აქტუალობა, რომელიც გულისხმობს „ხრუშჩოვკების“ ტერიტორიებზე კომპლექსური რეკონსტრუქციის ჩატარებას. შემდგომ ეტაპზე უნდა გაკეთდეს ქალაქმშენებლობის დოკუმენტაცია, რასაც ჰქვია განაშენიანების რეგულირების გეგმა.

შეიძლება რაიმე წინადადება აქვს კახა კალაძეს. ჩვენ არ გვინახვას, ვნახავთ და გავეცნობით“, - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.

”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ე.წ. „ხრუშჩოვკებთან“ დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ თბილისში ე.წ. ხრუშოვკების ხანა დიდი ხანია დასრულდა.

”ჩვენ გვაქვს მომზადებული ძალიან საინტერესო პროექტი "ხრუშჩოვკების" ეტაპობრივ ჩანაცვლების შესახებ, რასაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ დედაქალაქის მოსახლეობას. ამ საბჭოთა იდეოლოგიის გადმონაშთებისგან თბილისის გათავისუფლება და მათი ჩანაცვლება მყარი, კომფორტული საცხოვრისით, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მიმართულება იქნება. ის მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ "ხრუშჩოვკის" ტიპის ბინებში, ჩანაცვლების პროცესში უზრუნველყოფილი იქნებიან ბინით, ან შესაბამისი კომპენსაციით, საკუთარი არჩევანის მიხედვით. სიცოცხლით სავსე თითოეული უბანი, ეს არის თბილისის სახე და მისი მომავალი”, - აცხადებს კალაძე.