საქართველოში ზოგი მინისტრისა და პარლამენტარის ქონება რამდენიმე მილიონს შეადგენს. ქართველ მილიონერთა კლუბის შესახებ ინფორმაციას გაზეთი "ბანკები და ფინანსები" ავრცელებს. მათი ცნობით, ქართველ მილიონერთა რიგებშია დეპუტატი იოსებ მაკრახიძე, რომლის ქონებაც 12 მილიონად არის შეფასებული.
გასული წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, პარლამენტის წევრის პოსტზე მაკრახიძის შემოსავალმა 3 690 ლარი შეადგინა.
დეკლარაციის თანახმად, დეპუტატი ფლობს 441.30 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს გორში; ამავე მისამართზე მდებარე 396 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს; 997.44 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართს გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისში და ამავე მისამართზე მდებარე ჯამში 412,290 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთებს.
დეკლარაციის შევსების მომენტში დეპუტატს, „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 3 900 ლარი; „ბანკი ქართუს“ სახელფასოზე - 4 394 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 4 500 ლარი ჰქონდა.
ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას იოსებ მაკრახიძე შპს „იბოლიას“ პარტნიორი იყო და მისი საქმიანობით გასულ წელს - 773 319 ლარის შემოსავალი, ამავე საწარმოს დირექტორის პოსტზე კი 54 500 ლარი მიიღო; ასევე იყო შპს „მათას“ პარტნიორი, რომლის საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა 1 500 ლარი შეადგინა.
დეკლარაციის შევსების მომენტში მაკრახიძეს 104 000 დოლარის ოდენობის სესხი ჰქონდა, რომლის გასავალმაც წინა წელს 13 946 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება დეპუტატის სხვა გასავლებს, შპს „იბოლიის“ 25%-იანი წილი 627 300 ლარად შეიძინა, ხოლო შეწირულობის სახით მისი გასავალი 50 000 ლარი იყო.
დეპუტატს ჰყავს მეუღლე - ციცინო კალანდაძე, რომელიც ფლობს ქალაქ გორში 5 580 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 60%-ს და ამავე მისამართზე მდებარე 1 471.89 კვადრატული მეტრის არასაცხოვრებელი ფართის ასევე 60%-ს. დეკლარაციის შევსების მომენტში კალანდაძეს „ბანკი ქართუს“ ანაბარზე - 47 000 დოლარი ჰქონდა.
კალანდაძე არის შპს „გეორგია XXI“-ს, შპს „ე.ი.ლ.ჯ“-სა და შპს „შარას“ პარტნიორი, რომელთა საქმიანობითაც მიღებულმა წლიურმა შემოსავალმა ჯამში 29,961 ლარი შეადგინა. მის სახელზეა ასევე 60 000 ლარიანი იჯარა, რომლის შემოსავალმაც გასულ წელს 57 000 ლარი შეადგინა და 48 000 ლარიანი იჯარა, რომლის შედეგად მიღებული შემოსავალი 9 000 ლარი იყო.