პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ე.წ. ხრუშჩოვკების ეტაპობრივ ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს პასუხობს.
კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ყველა პრობლემა გადასაწყვეტია და მათ რიგითობაზე საუბარი უადგილოა.
„თბილისის პრობლემების მოგვარებაზე საუბრის და დაგეგმვის ექსკლუზივი არავის აქვს. აქ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის აქტივისტების ჭარბი შემოჭრა, ალბათ, უფრო ბავშვური რეაქციაა, ან ყურადღების მიქცევის მცდელობა. როცა გულწრფელად გინდა გადაარჩინო თბილისი, იქ პრობლემების რიგითობასა და გამოცხადების მომგებიანობაზე ნაკლებად ფიქრობ. თბილისის პრობლემები ყველა პირველია და ყველა გადასაწყვეტია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თანამედროვე შენობებით ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების საჭიროება პოლიტიკის მიღმაა და მმართველ გუნდს პოპულიზმის დრო არ აქვს.
„ოპონენტებმა დანომრონ, ჩვენ ვიმუშავებთ. მთავარი ისაა, რომ მალე თბილისში ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე შენობებით დაიწყება. ეს საჭიროება პოლიტიკის მიღმაა. პოპულიზმისთვის ჩვენ არ გვცალია. ხუთი წელი ვმუშაობდი და შემდეგი ხუთჯერ ხუთი და მეტი წელიც იმავეს ვაპირებ. „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ - ვერ ასრულებდით, მაგრამ იმედია გახსოვთ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა.
”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გუშინ სოციალურ ქსელში ე.წ. ხრუშჩოვკებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ თბილისში ე.წ. ხრუშოვკების ხანა დიდი ხანია დასრულდა.