პირველ კვარტალში ქართული ღვინის ექსპორტმა 50 მილიონ დოლარს გადააჭარბა

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქართული ღვინის ძირითად საექსპორტო ბაზრად რუსეთი იქცა. 2014 წლის პირველ კვარტალში რუსეთში 11 013 446 ბოთლი (0.75 ლ) ქართული ღვინო გაიყიდა და საექსპორტო ბაზრის ლიდერი 71%-იანი წილით გახდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საექსპორტო ბაზრების პირველ ხუთეულში შედის ასევე უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ლატვია, პოპულარობით სარგებლობს ქართული ღვინო ჩინეთსა და ლიტვაშიც.

პირველ კვარტალში უცხოეთის ბაზრებზე სულ 15 488 184 ბოთლი ღვინო გავიდა, რაც გასული წლის მაჩვენებლებს 243%-ით აღემატება. 

ღირებულებით მაჩვენებელში ექსპორტირებულია 51 202 154 აშშ დოლარის პროდუქცია, რაც 290%-ით აღემატება 2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს.