შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვის ცენტრი გადასახადის გადამხდელებს 35 ლოკაციაზე მოემსახურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვის ცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს ხვალიდან , ერთი თვის განმავლობაში 35 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.

როგორც ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ შემდეგი სახის ელექტრონული სერვისები: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირებიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. ამასთან, შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.