ლეო მესისგან განსხვავებით, კრიშტიანო რონალდოს პატიმრობა ემუქრება. მადრიდული AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდო გუშინ პორტუგალიური სასამართლოს წინაშე წარსდგა. გადასახადების დამალვასთან დაკავშირებით, 32 წლის ფეხბურთის ვარსკვლავი სასამართლოში დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში იკითხებოდა.
ესპანელი სამართალდამცველები რონალდოს 14.7 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების დამალვას ედავებიან. მათი ინფორმაციით, პორტუგალიელი გადასახადებს 2011-14 წლებში მალავდა.
ბრალდება სერიოზულია და 7-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო რონალდოს სასჯელს გაუნახევრებს, "რეალის" ლიდერს ციხეში ჩაჯდომა მაინც მოუწევს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ის პატიმრობას მხოლოდ მაშინ გადაურჩება, თუ სასამართლო სასჯელს 21 თვემდე შეუმცირებს. ასეთ შემთხვევაში, ლიონელ მესის მსგავსად, პირობითი სასჯელის გამოყენება შესაძლებელი იქნება. პირობითი სასჯელისთვის კი ასევე საჭიროა რონალდომ სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება სრულად დაფაროს და ბრალი აღიაროს. თუმცა, იმისათვის, რომ რონალდოს რეალური პატიმრობის ნაცვლად პირობითი სასჯელი მიუსაჯონ, სასჯელის 21 თვემდე შემცირება საკმარისი არ არის. ამისთვის საჭიროა კიდევ ორი რამ: სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანების სრულად დაფარვა და ბრალის აღიარება. არადა, პორტუგალიელი ვარსკვლავი აცხადებს, რომ უდანაშაულოა.