ცოტა ხნის წინ თბილისში გროზნოს ქუჩაზე, ახალი მაღაზია „გროზნოს 3“ გაიხსნა, რომელიც თერთმეტამდე ქართულ სტარტაპს აერთიანებს. მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის 80%-ზე მეტი ადგილობრივი წარმოებისაა. გროზნოს 3“-ის დაარსების მთავარი მიზანიც ეს იყო, იდეის ავტორებმა ქართული ნაწარმის პოპულარიზაცია და ფართო მასებისთვის გაცნობა გადაწყვიტეს.
„გვინდოდა, რაღაც ახალი და ორიგინალურის შეთავაზება მომხმარებლისთვის, იდეის წინაპირობა იყო ის, რომ ჩვენს მაღაზიაში გაერთიანებულ ბრენდებს არ აქვთ მაღაზია, თუმცა მათი დიდი ნაწილი წარმოდგენილია დიდ სავაჭრო ცენტრებში მხოლოდ სტენდების სახით. სწორედ ამან განაპირობა ამ ბრენდების გაერთიანება და ინოვაციის სახით შეთავაზება იმ მომხმარებლისთვის, რომელთაც ნაკლებად უწევთ სიარული მოლსა და გუდვილში,”-ამბობს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „გროზნოს 3“-ის დამფუძნებელი ზურაბ ბესიაშვილი.
უფრო კონკრეტულად, რა სახის პროდუქციას სთავაზობს „გროზნოს 3”მომხმარებლებს?
პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენთან წარმოდგენილი ბრენდების უმრავლესობა ქართული წარმოებისაა. ეს არის ძალიან საინტერესო და უკვე საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქცია, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ყველასთვის ცნობილი და ხელმისაწვდომი, მაგალითად: "Quartz" - ნატურალური კოსმეტიკა, "ეიფორია" - აბაზანის სურნელოვანი ბომბები, ასევე ნატურალური საპნები, ტანის ზეთები. "Person"-ტანსაცმლისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელსაც ზაფხულის კოლექციიდან წელს ჩვენთან ჩანთები აქვს წარმოდგენილი. ახლახანს დაგვემატა "ბუერა"-ს ხელნაკეთი გულსაბნევები და სხვა აქსესუარები, ასევე ჩვენთანაა "ბაკანი" - ახლადშექმნილი ბრენდი, რომელიც ძალიან ლამაზ, ნატურალური ტყავისგან დამზადებულ სამაჯურებს აწარმოებს. ასევე წარმოდგენილია "Woodson georgia" -ს ხისგან დამზადებული სანათები, "მერიქიფე" და საათები.
მომხარებლების მხრიდან რამდენადაა მოთხოვნა ქართულ პროდუქციაზე?
შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა პროდუქციამ უკვე დაიმსახურა მომხმარებლების ნდობა. თითქმის ყველა კატეგორიის, გემოვნებასა და ასაკის ადამიანი ინტერესდება ჩვენთან წარმოდგენილი პროდუქციით. განსაკუთრებით, სწორედ ქართული ბრენდებია მათთვის საინტერესო.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ჯერ ერთი თვეც არ არის გასული, რაც „გროზნოს 3“ გაიხსნა. შესაბამისად, ყველაფერი წინაა. ბევრი გეგმა და პროექტი გვაქვს განსახორციელებელი. მაღაზიისთვის მთავრი კონცეფცია უცვლელი იქნება. აქცენტს კვლავ ქართული ნაწარმის რეალიზაციასა და პოპულარიზაციაზე გავაკეთებთ. გვინდა, მაღაზიაში კიდევ ბევრი ქართული ბრენდი იყოს წარმოდგენილი და ამ კუთხით მუშაობას ვაგრძელებთ. ცოტა ხნის წინ „თიბისი ბანკის“ სტარტაპ პროგრამაშიც ჩავერთეთ. როგორც, დამწყები ბიზნესი, ამ პროექტზე დიდ იმედებს ვამყარებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია „თიბისი ბანკთან“ ამ ტიპის თანამშრომლობა.
ქრისტინე გამთენაძე
#სტარტაპერი #გვეამაყები
ფოტოები: ADvan/ედვენი