სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ 123 დევნილს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდა.
როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროდან იუწყებიან, სოციალურად დაუცველ დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.
მათივე ცნობით, დღეს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტთა ნაწილთან, რომლებიც სწავლობენ თბილისისა და გორის სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ხელშეკრულებები გაფორმდა.
”მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით სულ შემოვიდა 161 განაცხადი. განაცხადების მიღება 17 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. 11 ივლისს გაიმართა კომისიის პირველი სხდომა, სადაც განხილულ იქნა 129 განაცხადი, რომელთაგან 123 დაკმაყოფილდა. დარჩენილი განაცხადები კი შემდეგ კომისიის სხდომაზე იქნება განხილული.
2016 წელს პროგრამაში ჩართვა მხოლოდ სოციალურად დაუცველ დევნილებს შეეძლოთ. თუმცა, ცვლილებების შედეგად, 2017 წლიდან სააგენტო ტრანსპორტირების ხარჯებს ყველა იმ დევნილს დაუფინანსებს, ვინც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი გახდება. 2017 წელს, პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, დაახლოებით 200 დევნილი სტუდენტი დაფინანსდება”, - აცხადებენ სამინისტროში.