არქიტექტორები "პანორამა თბილისის" პროექტს ეწინააღმდეგებიან

არქიტექტორები მიზანშეწონილად მიიჩნევენ "პანორამა თბილისის" პროექტი არა ძველ ქალაქში, არამედ თბილისის რომელიმე სხვა უბანში გაკეთდეს.

"სოციალური პასუხისმგებლობა საერთოდ არ გაქვთ. ჩამოიარეთ ქალაქი, ნახეთ რა ვითარებაა და თუ მილიონები გაქვთ, გადაწყვიტეთ ის საკითხები, რომელიც ქალაქს რეალურად აწუხებს", - ამ სიტყვებით ქალაქდაგეგმარების სპეციალისტმა, ზურაბ ბაქრაძემ ”თანაინვესტირების ფონდის” წარმომადგენლებს მიმართა.

ბაქრაძის მოსაზრებას იზიარებს არქიტექტორი ვახტანგ დავითაიაც. მისი თქმით, პროექტი საერთოდ არ ჯდება ძველი თბილისის არქიტექტურაში.

"მე ძალიან დათრგუნული ვარ იმ კადრებით, რაც ვნახეთ. ეს აბსოლუტურად განსხვავებული თბილისი იქნება. სხვა თბილისი გვექნება. მე მზარავს იმის წარმოდგენა, რომ თბილისში გონდოლების 4 ტრასა იქნება. მეორე ჭიათურა გვინდა?!", - განაცხადა დავითაიამ.

არქიტექტორი ირაკლი ჟვანია კი მიიჩნევს, რომ "პანორამა თბილისის" პროექტი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონს არღვევს, რომლის თანახმად, ისტორიულ ძეგლთა დაცვის ზონაში ტექნიკური ნაგებობების აშენება აკრძალულია.

"პანორამა თბილისის" პროექტის საჯარო განხილვები თბილისის მერიის ინიციატივით გუშინ დაიწყო. როგორც მერიაში აცხადებენ, კანონის თანახმად, დაახლოებით ორი თვე დასჭირდება იმას, რომ მერიამ მიიღოს გადაწყვეტილება - დაამტკიცოს აღნიშნული პროექტი, უარი თქვას მასზე, თუ შეიტანოს გარკვეული ცვლილებები.