ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე ბიზნესმენ თემურ ქარჩავას უძრავი ქონება ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) დაექვემდებარება.
შეგახსენებთ, რომ თემურ ქარჩავა ერთ-ერთი იყო, ვინც პორტის ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობდა. მისი კომპანია Anaklia Industrial Eco Park and Port Ltd ჩინურ კომპანიასთან, Power China-სთან ერთად გეგმავდა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას, თუმცა ტენდერში მეორე - „TBC ჰოლდინგისა“ და ამერიკული კომპანია „კონტი ინტერნეშენალის“ კონსორციუმმა გაიმარჯვა და მათ მიერ დაარსებულ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პორტი სამართავად 49 წლით გადაეცა.
ეკონომიკის მინისტრის 1 აგვისტოს ბრძანებით კი ქარჩავას ჯამში, 27,274 კვადრატული მეტრი ფართობის უძრავი ქონება ჩამოერთმევა. გარდა ამისა, ნავსადგურის პროექტის ზემოქმედების არეალში მოხვდა ქარჩავას საკუთრებაში არსებული 19 600.00 კვ.მეტრის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა). თუმცა, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, აქედან საექსპროპრიაციო ფართს მხოლოდ 1 604.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს.
როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, ქარჩავას და მის რწმუნებულს უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვის შეთავაზებით განსაზღვრულ ვადაში შეთავაზებული თანხის სანაცვლოდ ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემაზე (თანხმობა ან უარი) პოზიცია არ განუცხადებია. მითითებულ შეთავაზებაში განმარტებულია, რომ ვადის გაშვება განიხილება როგორც უარი.
ამასთან, ბრძანების მიხედვით, მესაკუთრე ინფორმირებული იყო, რომ გამოსყიდვაზე მათი უარის შემთხვევაში, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ მათი საკუთრების ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს მიმართავდა. მესაკუთრეს ასევე მიეწოდა ინფორმაცია, რომ ექსპროპრიაციის შემთხვევაში საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ კონსტიტუციით გარანტირებულ წინასწარ, სრულ და სამართლიან ანაზღაურებას მიიღებდა.
თემურ ქარჩავა ყველაზე მდიდარი ქართველების ოცეულში შედის. მისი აქტივები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია, ხოლო საქართველოში ბიზნესი არა აქვს. ბიზნესმენის სახელი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანაკლიის პორტის პროექტის მითვისებაში დაადანაშაულა. ქარჩავას თქმით, ანაკლიაში პორტის მშენებლობის იდეას ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში გაეცნო, 2001 წელს კი მისი დაკვეთით ღრმაწყლიანი პორტის პროექტიც შეიქმნა.