FactCheck.ge: პრემიერის განცხადება აშშ-თან ვაჭრობის შესახებ დიალოგის მისი მთავრობის პირობებში ინტენსიფიკაციის შესახებ, მცდარია

ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე, 31 მარტიდან 7 აპრილამდე, რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა. სტატიებში დიდი ადგილი პრემიერ-მინისტრის განცხადებებს ეთმობა.

FactCheck.ge -მ ირაკლი ღარიბაშვილის ის განცხადება გადაამოწმა, რომელიც სტრატეგიულ ობიექტებს ეხებოდა. კერძოდ, პრემიერმა განაცხადა, რომ სტრატეგიული ობიექტების ცნება აღარ არსებობს და მისი ინფორმაციით, სტრატეგიული ობიექტების ნუსხა გაუქმებულია.

ამ საკითხის გადამოწმებისას ფაქტ-მეტრმა დაადგინა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ნუსხა, "სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ" კანონის საფუძველზე, 2003 წელს, ურბანიზაციის და მშენებლობის მინისტრის #58 ბრძანებით განისაზღვრა. ნუსხა 21 პუნქტისაგან შედგებოდა. მთავრობამ 2008 წელს სტრატეგიული ობიექტების ნუსხა შეამცირა, შეიცვალა ტერმინიც და "სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი" ნუსხის სახელწოდებიდან ამოვარდა.

შესაბამისად, პრემიერის განცხადება სტრატეგიული ობიექტების ცნების და აღნიშნული ნუსხის თავდაპირველი სახით არ არსებობის შესახებ, ორგანიზაციის მიერ სიმართლედ შეფასდა.

ფაქტ-მეტრის გუნდი საქართველოს პრემიერის იმ განცხადებითაც დაინტერესდა, რომელიც ამერიკასთან თავისუფალ ვაჭრობას ეხებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: "ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიალოგი წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. ჩვენ მოვახდინეთ ამ დიალოგის ინტენსიფიკაცია და მივაღწიეთ იმას, რომ თვითონ პრეზიდენტი ობამა მეუბნება მე, ჩვენ უნდა დაგეხმაროთ, რომ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გავაღრმავოთ."

ფაქტ-მეტრმა კვლევის შედეგად გაარკვია, რომ ამ საკითხზე მაღალი დონის დიალოგის პირველი შეხვედრა 2012 წლის 20 აპრილს გაიმართა. აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, რონ კირკსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ნიკოლოზ გილაურს შორის შეხვედრაზე, ასევე გადაწყდა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე სამუშაო ჯგუფის შექმნა.

"2012 წლის 29 მაისს, მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილეს, მირიამ შაპიროსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველს, თამარ კოვზირიძეს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადების შესაძლებლობის საკითხიც განიხილეს. შესაბამისად, 2012 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, აშშ-ის და საქართველოს წარმომადგენლებს შორის მაღალი დონის დიალოგი თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე ორჯერ გაიმართა," - წერს FactCheck.ge.

მათი ინფორმაციით, არც 2012 წელს ("ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ) და არც 2013 წელს აშშ-სა და საქართველოს შორის მაღალი დონის დიალოგი თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე არ გამართულა. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მაღალი დონის შეხვედრა მხოლოდ 2014 წლის 27 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის დროს შედგა.

ამის გამო, 2012 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის თებერვლამდე მონაკვეთში (17 თვეში), მაღალი დონის დიალოგი ერთხელ შედგა, ხოლო 2012 წლის იავრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე მონაკვეთში (10 თვეში) – ორჯერ.

"ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებაში სამართლიანად აღნიშნავს, რომ აშშ-თან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე დიალოგი წინა მთავრობის დროს დაიწყო, თუმცა ხაზს უსვამს, რომ მისი ინტენსიფიკაცია მისი მთავრობის დროს მოხდა, რაც ფაქტ-მეტრის დასკვნით, სიმართლეს არ შეესაბამება და მცდარია," - მიაჩნიათ ორგანიზაციაში.

ფაქტ-მეტრმა ღარიბაშვილის კიდევ ერთი განცხადება გადაამოწმა - პრემიერი აღნიშნავდა, რომ საქართველომ რუსეთის ბაზარზე ექსპორტის გასამმაგება შეძლო.

პრემიერ-მინისტრის განცხადება ექსპორტის გასსამმაგების შესახებ, ფაქტ-მეტრის აზრით, ბუნდოვანია, რადგან იგი არ აკონკრეტებს თუ რომელ წელს ადარებს 2013 წლის მონაცემებთან. სტატისტიკიდან ჩანს, რომ საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მოცულობა 2013 წელს 2012 წელთან შედარებით 4.2-ჯერ გაიზარდა, 2006 წელთან შედარებით – 2.52-ჯერ, ხოლო 2005 წელთან შედარებით კი – 1.2-ჯერ.

2005-2013 პერიოდში ექსპორტიორი ქვეყნების რაოდენობა 18-ით გაიზარდა და რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის პროცენტული წილი 18%-იდან 7%-მდე შემცირდა. ამ ფაქტების გათვალისწინებით, FactCheck.ge-მა პრემიერ-მინისტრის განცხადება ნახევრად სიმართლედ შეაფასა.