ფასები იზრდება, ხალხი ღარიბდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებელი შეაფასა.
„ფასების საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულზე, რძეზე, ყველსა და კვერცხზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ზეთსა და ცხიმზე - პრაქტიკულად ყველაფერზე, რასაც სასურსათო მაღაზიაში ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ. ფასების საგრძნობი ზრდაა მედიკამენტებზე და, ზოგადად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.
განსაკუთრებით დიდია ფასების ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში - 12,6%, რაც „ქართული ოცნების“ მიერ საწვავზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია და რაც ჯაჭვურად გადაეცა ზემოთჩამოთვლილ საკვებ პროდუქტებსაც.
გაზის ტარიფის 11-12-13-თეთრიანი გაზრდა საქართველოს ქალაქებისა და რაიონების დიდ ნაწილში კიდევ უფრო გაუძვირებს ცხოვრებას ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას. მათ მეტი საფასურის გადახდა მოუწევთ არა მხოლოდ ბუნებრივ აირში, არამედ გაძვირებულ პროდუქტშიც, რადგან გაზის ტარიფის ზრდა დამატებითი ბიძგი იქნება ინფლაციისთვის“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში მოქალაქეების კეთილდღეობა მცირდება, ოჯახების შემოსავალი არ იმატებს, ხარჯი კი იზრდება.
„სამწუხაროდ, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა. გამოსავალია „ევროპული საქართველოს“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
”საქსტატის” მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,9 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,0 % შეადგინა.