პარასკევს შეერთებული შტატების შრომის ბაზრის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდება, რომლებიც სავალუტო ბაზრის ანალიტიკოსებს, ფედრეზერვის მიერ დოლარზე საპროცენტო განაკვეთის მორიგი აწევის პერსპექტივის შესახებ წარმოდგენას შეუქმნის. ამ სტატისტიკის მოლოდინში, ბაზარი მეტნაკლებად დამშვიდებულია.
ამ დროს, დოლარის ინდექსი 15-თვიანი მინიმუმის სიახლოვესაა. ეს ინდექსი ამერიკული ვალუტის ექვს სხვა ძირითად ვალუტასთან კურსების საშუალო მაჩვენებელია და დოლარის სიმყარეს განსაზღვრავს. ამჟამად მისი მაჩვენებელი 92.77-ის სიახლოვესაა. გუშინ ინდექსი 92.41-მდე დაეცა, რაც 2016 წლის მაისის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ამერიკული ვალუტის დასუსტებას, გარემოებათა კომბინაცია განაპირობებს, რომელთა შორისაც არის ვაშინგტონის პოლიტიკური ვითარება და ეკონომიკის არადამაჯერებელი სტატისტიკური მონაცემები. ეს ყველაფერი ზრდის ეჭვებს, რომ ფედრეზერვი დოლარზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდას არ იჩქარებს. თუმცა, შრომის ბაზრის დადებით სტატისტიკას, ბაზარზე ინვესტორთა განწყობის რადიკალურად შემობრუნება შეუძლია.
გუშინ გამოქვეყნებული მონაცემებით, აშშ-ში კერძო სექტორში ივლისში 178 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. ეს მოლოდინზე ოდნავ ნაკლებია, თუმცა არც იმდენად, რომ შრომის ბაზრის გაუმჯობესების ტრენდს ავნოს. პარასკევს მთავარი სტატისტიკა, უმუშევრობის დონეს, არასასოფლო სფეროში ახალდასაქმებულთა რიცხვს და საათობრივი ანაზღაურების მონაცემებს შეეხება.
სავალუტო ბაზარი ასევე ელის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როდის დაიწყებს ფედრეზერვი იმ აქტივების გაყიდვებს, რომლებიც ეკონომიკის სტიმულირების პერიოდში დაუგროვდა. პარალელურად, ბაზარი ევროპის ცენტრალური ბანკისგან (ECB), ეკონომიკის სტიმულირების მოცულობის შემცირებასთან დაკავშირებით, გარკვეულ ინფორმაციას და მინიშნებებს ელის.