ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „HUB Georgia”-ს აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე, სატრანსპორტო სფეროში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს. როგორც ურუშაძე ამბობს, საქართველოს გავლით გადაზიდული ტვირთების მოცულობა ყოველწლიურად მცირდება.
ვასო ურუშაძე:
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, ტრანსპორტის სფეროს ეკონომიკური მიმოხილვა გვიჩვენებს, რომ საქართველოს გავლით გადაზიდული ტვირთების მოცულობა ყოველწლიურად სტაბილურად იკლებს. მაგალითისთვის 2014 წელთან შედარებით 2016 წელს საქართველოს ნავსადგურებში და საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების ოდენობა, ჯამურად 4 მილიონ ტონამდეა შემცირებული. უფრო გრძელვადიან პერიოდზე, კლება გაცილებით დიდია. აღნიშნული უარყოფითი ტენდენცია პირდაპირპროპორციულია საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებასთან და სატრანსპორტო დარგში დასაქმებული ორგანიზაციებისა და ადამიანების შემოსავლების კლებასთან.ვინ არის პასუხისმგებელი გასცეს პასუხი, თუ რა მიზეზით ვითარდება კლების ტენდენცია? რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო ალტერნატიული ტვირთების ან დაკარგული მოცულობების დაბრუნებისათვის?
ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ქეთევან სალუქვაძე. დეპარტამენტი კოორდინირებას უწევს: სატრანსპორტო დერეფნისა და ლოგისტიკის განვითარებას, საზღვაო ტრანსპორტის და სამოქალაქო ავიაციის განვითარებას. ფუნქციები კი მოიცავს: ქვეყნის პრიორიტეტების შესაბამისად ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარებასა და მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტიანობის უზრუნველყოფას; ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში არსებული ხარვეზებისა და შესაძლებლობების გამოვლენას და მისი განვითარებისთვის ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფას.
საქართველოს სატრანსპორტო სფეროს უარყოფითი სტატისტიკა ცხადყოფს, აღნიშნული დეპარტამენტის და ხელმძღვანელის არაეფექტურ მუშაობას. დარგში მომუშავე კომპანიებს აინტერესებთ თუ რა მიმართულებით ვითარდება ქვეყნის სატრანსპორტო დარგი, რა მიზეზით კარგავს საქართველო ტვირთნაკადებს. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები დეპარტამენტში, რათა უფრო კომპეტენტური კადრები ჩაერთონ დარგის განვითარებაში და უარყოფით სტატისტიკა ზრდის ტენდენციით ჩაანაცვლონ.
ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „HUB Georgia” მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, დაინტერესდეს აღნიშნული პრობლემით და პირად კონტროლზე აიყვანოს ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკა. დაიწყოს სისტემური რეორგანიზაცია, შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა და სატრანსპორტო პოლიტიკა გახდეს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულება, რაც ჩვენი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“. - აცხადებს ვასო ურუშაძე.