18 წლის ხულოელი გოგონა, რომელმაც აშშ-ს უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა სწავლას უსახსრობის გამო ვერ აგრძელებს

ხულოელმა 18 წლის ლია დეკანაძემ, პირველ რიგში, თავის თანატოლებს და შემდგომ მის ირგვლივ მყოფ საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია და თუ მოინდომებ, აუცილებლად მიაღწევ საწადელ მიზანს.

გოგონა მაღალმთიანი აჭარიდან, ამბობს, რომ ოცნება აუსრულდა, როცა სასწავლებლად ოკეანის გაღმა, აშშ-ს მისურის შტატში, North Kansas City High School-ში წავიდა - იქ, სადაც საქართველოს შესახებ არაფერი იცოდნენ. გრძნობდა უდიდეს პასუხისმგებლობას, ერთის მხრივ, სწავლით ესახელებინა საქართველო და მეორე მხრივ, ახლად გაცნობილი თანატოლებისთვის ზუსტად გადაეცა ისტორია და ტრადიციები, რაც გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას.

როგორც ლია საუბარში იხსენებს, თავდაპირველად არ იყო ადვილი ოჯახიდან და ახლობლებისგან შორს, ახალი ცხოვრების დაწყება, თუმცა ზუსტად იცის, რომ ამან მისცა მეტი დამოუკიდებლობის შესაძლებლობა და ცოდნა, რომელიც მომავალში სწორი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება.

- ხულოს საჯარო სკოლა დავასრულე, ყოველთვის ვცდილობდი აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში და მიმეღო რაც შეიძლება მეტი ცოდნა ამა თუ იმ მიმართულებით, რადგან ვთვლიდი, რომ განათლება არის წარმატების უპირველესი გარანტი. ასევე ვუთმობდი დროს ხელოვნებას, კულტურას, სამი წელი ვცეკვავდი, ვუკრავ ქართულ ხალხურ საკრავებზე, შეიძლება ითქვას, რომ აქტიური მოქალაქე ვიყავი და ვარ დღემდე.

მეცხრე კლასში ვსწვალობდი, როდესაც მონაწილეობა მივიღე "მომავალ ლიდერთა გაცვლით" პროგრამაში, რისი საშუალებითაც შემეძლო ერთი წლით ამერიკაში სწავლის გაგრძელება. სამწუხაროდ, პირველ ცდაზე არ გამიმართლა, რადგან ინგლისური კარგად არ ვიცოდი, თუმცა იმედი არ დამიკარგავს, ახლობლებიც მეუბნებოდნენ, რომ ხელი არ ჩამექნია. პირველი, ვინც გვერდში მედგა, დედაჩემი იყო, მას ყოველთვის სურდა, რომ ბევრი მესწავლა და ჩემი ცოდნით მიმეღწია წარმატებებს.

რეპეტიტორთან არასდროს არ მივლია, ამ კუთხით ხულოში განებივრებული არ ვართ. ის ადამიანი, ვინც ასევე მედგა გვერდში და სტიმულს მაძლევდა, ჩემი ინგლისურის მასწავლებელი იყო. იმ დროისთვის სკოლაში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ამერიკელი პედაგოგი იმყოფებოდა, მისი დამსახურებაა, რომ აღნიშნულ პროგრამაში კიდევ ერთხელ ვცადე ბედი და ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო, მომივიდა შეტყობინება, რომ წარმატებით გავიარე ყველა ეტაპი და ერთ-ერთი ოჯახი მზად იყო ჩემს მისაღებად" - გვეუბნება ლია.

გოგონას თქმით, არ არის ადვილი ფეხი აუწყო უცხო ქვეყნის ცხოვრების სტილს, თუმცა ამბობს, რომ საკუთარ თავთან ბევრი შრომის შედეგად, შესაძლებელია ყველა დაბრკოლების გადალახვა. უცხო ქვეყანაში ჩასვლიდან მალევე შეიძინა მეგობრები, მუშაობდა მოხალისედ და ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა საქართველოს შესახებ იქ მცხოვრები ადამიანებისთვის:

"ერთ პატარა ქალაქში მთელი მსოფლიო იყო თავმოყრილი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს სასწავლებელში თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდები სწავლობდნენ. სხვადასხვა აქტივობების დროს ხშირად ვაწყობდი საქართველოზე პრეზენტაციებს და ვცდილობდი ის არასწორი წარმოდგენა, რომელიც ჰქონდათ ჩემს თანატოლებს საქართველოზე, გამექარწყლებინა. ისინი ხშირად რუსეთს, ხან თურქეთს მიგვაკუთნებდნენ, მე კი ვცდილობდი ამეხსნა მათთვის, რომ საქართველო ამ ორ ქვეყანაზე დიდი ისტორიის მქონე სახელმწიფოა. სკოლაში მამაც და გამბედავ გოგოს მეძახდნენ, ალბათ, იმიტომ, რომ ჩემი თანატოლებისთვის წარმოუდგენელი იყო დაეტოვებინათ საკუთარი სახლი, ოკეანესა და კონტინეტის იქეთ ახალი ცხოვრება დაეწყოთ, როგორც ეს მე გავაკეთე", - ამბობს ლია. განაგრძეთ კითხვა